21-22 მაისს (2022) ხაშურის რაიონული სასამართლოს 16-მა თანამშრომელმა ეფექტიანი სერვისებისა და სასამართლოს მომხმარებლებთან კომუნიკაციის შესახებ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა.
მისასალმებელ სიტყვაში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ ხაზი გაუსვა ტრენინგის მიზანსა და სასამართლოს პერსონალსა და სასამართლოს მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობას, რაც ასევე წარმოადგენს პროგრამის მთავარი მიზნის ნაწილს, რომ სასამართლო სერვისები საქართველოში უფრო ადამიანზე ორიენტირებული გახდეს.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველმა, დოქტორმა ტიმ ბუნიევაცმა ჩაატარა სესია სასამართლოს საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის კუთხით არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ. მონაწილეები სასამართლოების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით განხორციელებული წარმატებული აქტივობების მაგალითებს გაეცნენ.
მონაწილეები იყვნენ სასამართლოს თანამშრომლები, რომელთაც პირდაპირი და ხშირი ურთიერთობა აქვთ საზოგადოებასთან, მათ შორის მოსამართლის თანაშემწეები, კანცელარიის თანამშრომლები და მანდატურები.
„სასამართლოს მომხმარებლების ურთიერთობა სასამართლოსთან მანდატურის სამსახურით იწყება. ამიტომ, სემინარზე გავლილი პრაქტიკული სავარჯიშოებიდან გამომდინარე, ტრენინგმა საშუალება მომცა გამეგო, რას ვაკეთებდით მე და ჩემი კოლეგები კარგად და რისი გაუმჯობესება გვჭირდება სასამართლოს მომხმარებლებისათვის უკეთესი სერვისის შესათავაზებლად“. – განაცხადა ხაშურის სასამართლოს მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ლომიტაშვილმა.
„თეორიული ინფორმაციისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ნაზავი გამყარებული იყო უწყვეტი მიმოხილვით, დისკუსიით და უკუკავშირით. ტრენინგის დასასრულს ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი უნარების გამოცდა როლური თამაშების დროს და ასევე, ტრენერისგან ამ უნარების განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირი მივიღეთ.“ - თქვა თინათინ გომართელმა, სასამართლოს სხდომის მდივანმა.
სასამართლოს მენეჯერმა გოჩა მელიქიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრენინგმა მას საშუალება მისცა უფრო ღია ყოფილიყო ურთიერთობაში და მოეხსნა ზოგიერთი ბარიერი. მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ, ისევე როგორც სესია არავერბალური კომუნიკაციის შესახებ და ის ამ უნარებს აუცილებლად გამოიყენებს ყოველდღიურ პრაქტიკაში.
ტრენინგის პროგრამა, რომელსაც ადგილობრივი ექსპერტი ნინო ბერუაშვილი უძღვებოდა, საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო, როგორც ინტელექტუალური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. პროგრამა ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურების თანამედროვე მიდგომებს აერთიანებდა პრაქტიკულ სავარჯიშოებთან, რომელთა ფარგლებშიც ინდივიდებს უწევდათ გამოეყენებინათ თავიანთი უნარები კონკრეტული შედეგების მისაღწევად. პრაქტიკული მაგალითებისა და რჩევების საშუალებით მონაწილეებმა შეძლეს შეესწავლათ და განეხილათ ისეთი თემები, როგორიცაა სასამართლოს მომხმარებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის ბარიერები, აღქმის მიკერძოება, უკუკავშირის დამყარება, აქტიური მოსმენა, არავერბალური კომუნიკაცია, პოზიტიური ფორმულირება და რთული სიტუაციების მართვა. ასევე, ექსპერტმა მონაწილეებს გადასცა მომხმარებელთან ურთიერთობის წერილობითი სტანდარტები, რომელიც საზოგადოებასთან კომუნიკაციის სახელმძღვანელო წესებსა და პრინციპებს შეიცავს. ორდღიანი სესიის დასასრულს მონაწილეებმა ტრენინგი შეაფასეს, როგორც ძალიან ინფორმაციული და გამოთქვეს სურვილი, სამომავლოდ კვლავ ჩაერთონ მსგავს აქტივობებში.