Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
16 - 28 ივნ, 2024

ბრიჯიტ არიმონდი საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის კლინიკებთან ურთიერთთანამშრომლობით აძლიერებს იურიდიულ განათლებას

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის სკოლების კლინიკების გაუმჯობესების მიზნით, 2024 წლის 16 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის (ილიონისი, აშშ) პრიცკერის სამართლის სკოლის პროფესორი და ამავე სკოლის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი - ბრიჯიტ არიმონდი, 12-ზე მეტ პროფესორსა და 57 სტუდენტს შეხვდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, პროფესორმა არიმონდმა იმსჯელა კონსტიტუციური სამართლის კლინიკის კონსტიტუციური მართლმსაჯულების სიმულაციური კურსის გაუმჯობესების გზებზე, მის გაფართოებასა და დამატებითი პროფესორების ჩართულობაზე კლინიკის საქმიანობაში სტუდენტთა სწავლის მეთოდების გასამრავალფეროვნებად.

კონსტიტუციური სამართლის კლინიკის სტუდენტებთან უშუალო ურთიერთობისას, პროფესორი არიმონდი გაეცნო მათ გამოცდილებასა და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს. სტუდენტებმა შეხვედრის დროს ისაუბრეს თავიანთი საქმეების დეტალებზე და დააფიქსირეს უკუკავშირი კლინიკის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც კლინიკის ხელმძღვანელებს საგანმანათლებლო სტრატეგიების დახვეწაში დაეხმარებათ. განახლებული მიდგომა უნდა მოიცავდეს სტრატეგიებს, რომლებიც უკეთესად დააკავშირებს კურსის მიზნებს სტუდენტის საჭიროებებთან და დაეხმარება მათ რეალური იურიდიული პრაქტიკისთვის მომზადებაში. ბსუ-ში ყოფნისას პროფესორმა არიმონდმა ჩაატარა ვორქშოფი ჩრდილოვანი ანგარიშებისა და სასამართლო მეგობრის მოსაზრების შემუშავებაზე. ამ ტრენინგმა ბსუ-ს სტუდენტებს მეტი პრაქტიკული უნარ-ჩვევები შესძინა, რამაც განამტკიცა უნივერსიტეტის მისწრაფებები საკონსტიტუციო სამართლის პრაქტიკული სწავლების მიმართულებით.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საბაუნი): თავისი ვიზიტის ფარგლებში პროფესორი არიმონდი საბაუნის სამართლის კლინიკის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც დისკუსიები იძულებით გადაადგილებულ პირებთან (დევნილთა) მუშაობის სირთულეებზე წარიმართა. კლინიკის მცდელობებმა, იურიდიული კონსულტაციები გაეწიათ დევნილთათვის, ნათლად გამოკვეთა რომ ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება მათი ნდობის მოპოვებაა. დამატებით, კლინიკის სტუდენტების ცოდნის გასაღრმავებლად და სენსიტიური სამართლებრივი საკითხების მიმართ სწორი მიდგომის შესარჩევად, საკუთარ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, პროფესორმა არიმონდმა კლინიკის სტუდენტებს კლიენტთა გამოკითხვის მეთოდები გააცნო.

პროფესორმა არიმონდმა საბაუნიში ასევე ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე შეკრების თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ლექციაზე მან განმარტა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამართლებრივი ადვოკატირება და სამოქალაქო უფლებების დაცვა კანონის უზენაესობის შესანარჩუნებლად. პროფესორ არიმონდმა ლექციაზე ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ტრანსფორმაციულ პოტენციალს დემოკრატიული ნორმების ჩამოყალიბებასა და ადამიანის უფლებების დაცვაში.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ): თესაუში პროფესორმა არიმონდმა განაგრძო მსჯელობა სამოქალაქო თავისუფლებებზე, სადაც მან მორიგი ლექცია წაიკითხა შეკრების თავისუფლების შესახებ. სტუდენტებთან მისი შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის დისკუსიებისა და სავარჯიშოებისგან შედგებოდა, რა დროსაც სტუდენტებმა იმსჯელეს დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო თავისუფლებების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ. სტუდენტების ცოდნის გასაღრმავებლად და მათი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად, პროფესორმა არიმონდმა მათ კლიენტების გამოკითხვის მეთოდები გააცნო და კლინიკის სამუშაო სტრატეგიებზე და მიდგომებზე ესაუბრა, რითაც ხელი შეუწყო კლინიკის ეფექტურობის გაზრდასა და სტუდენტების იურიდიული პრაქტიკისთვის მზაობას.

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი: პროფესორი არიმონდი ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრებს კლინიკური სწავლების მეთოდოლოგიების გასაუმჯობესებლად შეხვდა. საუბრისას მან კონსტიტუციური მართლმსაჯულების კურსების სასწავლო პროგრამაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ნორსვესტერნის უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილებიდან მაგალითები მოიყვანა. ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტების შეფასების და სილაბუსების შემუშავების ინოვაციური მიდგომები მიმოიხილეს, რომლის მიზანი საგანმანათლებლო სტანდარტების ამაღლება და სამართლის სხვადასხვა სფეროში კლინიკის დივერსიფიკაცია იყო. ეკა ბესელიამ, მრავალფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრის “მართლმსაჯულების სახლი"-ს თავმჯდომარემ განიხილვა თანამშრომლობის ინიციატივები, რაც კიდევ უფრო გაამდიდრებს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკის გამოცდილებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი არიმონდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკას ესტუმრა, რომელსაც იგი წლების განმავლობაში უწევდა მენტორობას. კლინიკის წარმომადგენლებთან დისკუსიის დროს კლინიკის მიმდინარე საქმეებსა და საზოგადოებაზე მათი საქმიანობის გავლენის მასშტაბებზე ისაუბრეს.

ილიას უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის ახალ დეკანთან, გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრით პროფესორმა არიმონდმა კიდევ ერთხელ განამტკიცა ნორსვესტერნსა და ილიას უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა. შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა იურიდიული განათლების ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით საგანმანათლებლო ჩარჩოებისა და საერთო სწავლების გამოცდილების შექმნის მნიშვნელობას.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
17 - 20 ოქტ, 2024

უნივერსიტეტის სტუდენტები მთელი საქართველოდან ესწრებიან ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლას

.

სრულად
img
11 ივნ - 20 სექ, 2024

ვიდეო ჩვენებები და დისკუსიები სასამართლოს როლზე ადამიანის ულებების დაცვაში

ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სასამართლოს გადაწყვეტილებების პოზიტიური როლზე სამართლის უზენაესობისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში.

სრულად
img
18 ოქტ 2024

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია სამომხმარებლო არბიტრაჟის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები