25 აპრილიდან 27 აპრილამდე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმში “მედიაცია ბიზნესისთვის” დღეების ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გამართა. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავდა ადგილობრივ ბიზნესებს შორის მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც ბიზნეს ორგანიზაციებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რათა მათ მედიაციის უპირატესობებისა და ამ მიმართულებით არსებული მზარდი პერსპექტივის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ.
ამ დღეების განმავლობაში, 180-მა მონაწილემ, რომელთა შორისაც კერძო სექტორის წარმომადგენლები, მედიატორები, იურისტები და მოსამართლეები იყვნენ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო მედიაციის პრინციპებისა და მისი პრაქტიკული გამოყენების შესახებ.
25 აპრილს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრაზე ბიზნესთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტაში მედიაციის გამოყენების უპირატესობებს გაესვა ხაზი. მონაწილეებს გახსნითი სიტყვით მიმართეს ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ და გიორგი ჩხეიძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა. გიორგი რომანაძემ ხაზი გაუსვა ბიზნესებისთვის მედიაციის უპირატესობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესი უფრო მეტად გამოიყენებს ამ ალტერნატივას. გიორგი ჩხეიძემ აღნიშნა, რომ „USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს მედიაციის განვითარებას, როგორც საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესის მართლმსაჯულებაზე წვდომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გზას“. ირაკლი ყანდაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის როლს მედიაციის, როგორც ტრადიციული სამართალწარმოების ეფექტური ალტერნატივის ხელშეწყობაში. შეხვედრა დინამიური კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა, რამაც საშუალებას მისცა მონაწილეებს შეკითხვები დაესვათ მომხსენებლებისთვის და მათთვის საინტერესო საკითხებზე ემსჯელათ.
იმავე დღეს, მოსამართლეებსა და მედიატორებს შორის სამუშაო შეხვედრა (ბენჩ-ბარი) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლებმა ირმა ტოგონიძემ, გულიკო კაჟაშვილმა, ხათუნა ბოლქვაძემ, სალიხ შაინიძემ, ასევე ბათუმში მოღვაწე მედიატორებმა მიიღეს. შეხვედრის მიზანი თანამშრომლობის გაძლიერება და აჭარაში მედიაციასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების განხილვა იყო. საუბარი შეეხო სხვადასხვა სახის დავებს, მათ შორის შრომით, კომერციულ და სამშენებლო დავებს. მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ხაზი გაუსვა პირისპირ დისკუსიის მნიშვნელობას, რათა მოხდეს მოსამართლეებსა და მედიატორებს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა. მისი განცხადებით, იგი პროაქტიულად ახდენს საქმეთა მედიაციაში გადაცემას, განსაკუთრებით იმ საქმეების, რომლებიც ალიმენტისა და მემკვიდრეობის საკითხებს ეხება.
26 აპრილს, “მედიაციის დღეების” მთავარი ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზებაც საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან პარტნიორობით განხორციელდა. ღონისძიების დროს დისკუსიები წარიმართა კომერციული მედიაციის როლზე ბიზნესის ეფექტურობის მიღწევაში და ბიზნეს დავების გამოწვევებზე სასამართლოში. მონაწილეებს გახსნითი სიტყვით მიმართეს დავით გაბაიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, აკაკი საღირაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნინო კვეტენაძემ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ელგუჯა მელაძემ, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა და დავით ებრალიძემ, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა.
ღონისძიებაზე “მედიაცია ბიზნესისთვის” მოწვეული მომხსენებელი დოქტორი ნადია ალექსანდერი, სამართლის პროფესორი და სინგაპურის დავების გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის (SIDRA) დირექტორი იყო, რომელმაც ბიზნესისთვის მედიაციის უპირატესობებზე ისაუბრა. დოქტორმა ალექსანდერმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ როგორ შეუძლია მედიაციას გაამარტივოს დავების გადაწყვეტის პროცესები, შეამციროს ხარჯები და დაეხმაროს მხარეებს ღირებული საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნებაში. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიებამ ხელი შეუწყო დავების გადაწყვეტის ახალი მექანიზმის პოპულარიზაციას და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის სტაბილური პლატფორმა შექმნა, რათა მათ მედიაციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღონ და საკუთარი დავები ეფექტურად, იაფად და მოკლე ვადებში გადაწყვიტონ.
ბოლო ღონისძიებაში, რომელიც 27 აპრილს გაიმართა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ბათუმში მოღვაწე წევრები მონაწილეობდნენ. დისკუსიები წარიმართა ბიზნეს დავებში მედიაციის უპირატესობებსა და ადვოკატის, როგორც წარმომადგენლის როლზე ბიზნეს მედიაციის საქმეებში. შეხვედრაზე განიხილეს მედიაციის წარმომადგენლობის საფასურზე მოლაპარაკების, მედიატორად გახდომის პროცესისა და მედიატორის არჩევის საკითხები.