24 ივლისს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან უკანონოდ გათავისუფლებული თამარ ქომეთიანის საკასაციო საჩივარი და მოპასუხეს 17,320 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.
თამარ ქომეთიანი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 2020 წლიდან მუშაობდა. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, სამსახურის დირექტორმა ქომეთიანს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერი პოსტის ფეისბუქზე გაზიარების გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ შემდგომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ ყველა თანამშრომელს, თამარ ქომეთიანის გარდა, გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
ISFED სამივე სასამართლო ინსტანციაში წარმოადგენდა თამარ ქომეთიანს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ISFED-ის არცერთი მოთხოვნა - დისკრიმინაციის დადგენის, გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, აღდგენისა და განაცდურის შესახებ.
2022 წლის დეკემბერში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ (მოსამართლეები ინდირა მაშანეიშვილი, ირმა პერანიძე და თამარ სვანაძე) თამარ ქომეთიანის გათავისუფლება ბათილად ცნო, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს კომპენსაციის სახით, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა განაცდურის ანაზღაურების საკითხზე, რაც ISFED-მა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი და ნინო ბაქაქური) ISFED-ის მოთხოვნები დააკმაყოფილა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ქომეთიანის გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1,100 ლარის ანაზღაურების გადახდა დააკისრა, რამაც ჯამურად 17,320 ლარი შეადგინა.
ISFED აგრძელებს სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებისა და საჯარო სამსახურში მყოფი პირების პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების დაცვას.