Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
14 - 23 ივნ, 2022

სასწავლო ვიზიტი ADR - ის შესახებ

2022 წლის 23 ივნისს ათდღიანი სასწავლო ვიზიტი ADR - ის შესახებ ირლანდიასა და ინგლისში დასრულდა. მასში მონაწილეობა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის, ბიზნესების წარმომადგენლებმა და მოსამართლეებმა მიიღეს.  ვიზიტი ორგანიზებული იყო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (GCNG) მიერ.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ირმა ტოგონიძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ვერა დობორჯგინიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი ყანდაშვილი - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ჯაბა გველებიანი - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე და ნათია გიკოშვილი - „თიბისი“ ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე. სასწავლო ვიზიტს ხელმძღვანელობდნენ სალომე ზურაბიშვილი, ლანა ჩხარტიშვილი და კონსტანტინე შუბითიძე GCNG-დან და სოფო ტყემალაძე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველი.

სასწავლო ვიზიტის მონაწილეები წამყვან პრაქტიკოსებს, ადვოკატებსა და ADR-ის მომხმარებლებს შეხვდნენ, მათთან ისაუბრეს დავის გადაწყვეტის სხვადასხვა არასასამართლო მექანიზმების შესახებ და გაეცნენ ADR-ის საუკეთესო პრაქტიკას, ასევე ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებითაც უნდა მოხდეს მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების ხელშეწყობა. 

სასწავლო ვიზიტის ირლანდიის ნაწილი ირლანდიის მედიატორთა ინსტიტუტში გამართული შეხვედრით დაიწყო, სადაც მონაწილეები გაეცნენ მედიატორთა აკრედიტაციისა და წევრობის საკითხებს, წამახალისებელ საშუალებებს, რასაც სასამართლოები იყენებენ ირლანდიაში, რათა დავის მოსაგვარებლად  მოხდეს მხარეების ჩართვა მედიაციაში, ასევე მიიღეს ინფორმაცია მედიაციის ევროპელ მოსამართლეთა ჯგუფზე. ამის შემდგომ, ვიზიტი გაგრძელდა ირლანდიის ადვოკატთა საბჭოს ADR კომიტეტსა და King’s Inn – ში (ირლანდიის უძველეს სამართლის სკოლაში, რომელიც 1541 წელს დაარსდა). ვიზიტის პირველი დღე კენ მაკკვილანის ლექციით დასრულდა, რომლის დროსაც მონაწილეები შეხვდნენ ფრენკ კლარკს, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს. მოსამართლე კლარკმა იმ ოთხ ფაქტორზე ისაუბრა, რომელთა საშუალებითაც ხშირად ADR მხარეთა ინტერესებზე უფრო მორგებული ხდება, ვიდრე ოფიციალური სასამართლო სისტემა. ესენია: მედიაციის პროცესის მოქნილობა, ხარჯი, ტემპი და კონფიდენციალობა.

მოსამართლეებს ასევე ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ დუბლინის საერთაშორისო დავების კვირეულს, ასევე დუბლინის ფორუმს, სადაც დისკუსიებისას ყურადღება გამახვილდა სანქციების როლზე არბიტრაჟში, მრავალფეროვნებაზე ADR-ში და ეთიკურ გამოწვევებზე კომერციულ არბიტრაჟში. განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა ირლანდიის შრომითი ურთიერთობების კომისიასთან, სადაც მონაწილეებმა ნახეს, თუ როგორ ხდება მორიგებისა და ADR მექანიზმების გამოყენება შრომითი ურთიერთობების კონტექსტში, გაეცნენ დასაქმებულთა უფლებების, დისკრიმინაციისა და უთანასწორობის საკითხებს. ქართველი დელეგატები ასევე ეწვივნენ მშვიდობისა და მორიგების გლენკრის ცენტრს, სადაც შეიტყვეს მშვიდობის მშენებლობის, ახალგაზრდობისთვის მშვიდობის საკითხებზე განათლებისა და ქალთა ლიდერობის თემებზე ცენტრის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ. 

2022 წლის 20 ივნისს, სასწავლო ვიზიტი ლონდონში გაგრძელდა, სადაც ქართულ დელეგაციას დავების ეფექტიანი გადაწყვეტის ცენტრმა (CEDR), ADR-ის მიმართულებით ტრენინგებისა და მომსახურების მსოფლიოს წამყვანმა მიმწოდებელმა უმასპინძლა. CEDR საქართველოში მედიაციის განვითარების სათავეებთან იდგა. USAID-ის მხარდაჭერით, CEDR-მა 2011 წელს ქვეყნის პირველი სასამართლო მედიაციის საპილოტე პროგრამისთვის  მედიატორთა ჯგუფი დაატრენინგა და მათ საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა. CEDR-ის დახმარებით, სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა შეხვედრები გამართეს და ინფორმაცია მიიღეს: კონტრაქტის საფუძველზე მიწოდებული ADR მომსახურებაზე სატელეკომუნიკაციო, საავიცაიო, კომუნალური და პროფესიული მომსახურების სფეროში; საჩივრების განხილვის მომსახურების უზრუნველყოფაზე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ბანკებთან წარმოებული დავების შემთხვევაში; ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის გავლით სამედიცინო გულგრილობის საქმეებზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიაციო მომსახურების შესახებ. 

CEDR-ის დახმარებით შეხვედრა გაიმართა ასევე RICS-ის დავების მოგვარების სამსახურთან, რომელიც ADR მომსახურების  უძველესი და უმსხვილესი მიმწოდებელია მსოფლიოში ქონებრივ, მიწის, მშენებლობებისა და საამშენებლო სექტორის სხვა სფეროებში წარმოშობილი დავების მოსაგვარებლად. CEDR-ის ორგანიზებით მონაწილეებმა დაათვალიერეს დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი (IDRC), რომელიც აღჭურვილია შეხვედრების თანამედროვე სივრცეებით და მასპინძლობს  დავის გადაწყვეტის წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებს. 

სასწავლო ვიზიტის ლონდონის ნაწილი ასევე მოიცავდა შეხვედრებს არბიტრთა სამეფო ინსტიტუტში (CIArb), ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (LCIA), Arbitra International-სა და “მედიატორთა აკადემიაში,” ასევე ვიზიტს ცენტრალური ლონდონის საგრაფოს სასამართლოში, სადაც მონაწილეები ესაუბრნენ მოსამართლეს და გაეცნენ გაერთიანებულ სამეფოში სასამართლოების მიერ მედიაციაში საქმეთა გადამისამართების პრაქტიკას.  

ვიზიტის დასასრულს, ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. გაერთიანებული სამეფოს იუსტიციის სამინისტროში შეხვედრისას მონაწილეებმა შეიტყვეს დაინტერესებულ მხარეებთან სამინისტროს მიერ წარმართული კონსულტაციების პროცესის შესახებ, რაც ქვეყანაში სავალდებულო მედიაციის შემოღებას უკავშირდება. ეს მედიატორთა საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხია. სამინისტროს პოლიტიკურმა მრჩევლებმა მონაწილეებს ასევე გაუზიარეს 1400 მედიატორის მიღების გეგმა, ასევე „სავალდებულო“ მედიაციისთვის საჭირო ფინანსური გეგმა, რისი განხორციელებაც 2023 წლის ზაფხულიდან იგეგმება. ბოლო შეხვედრა იურიდიულ ფირმა Baker & McKenzie-სთან შემაჯამებელი სესიის სახით წარიმართა. იგი განსაკუთრებით სასარგებლო იყო, რადგან მისი საშუალებით მონაწილეებმა ხანგრძლივი და ინფორმატიული სასწავლო ვიზიტის შემდეგ იდეებისა და დასკვნების შეჯერება შეძლეს. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 - 15 ივნ, 2024

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მედიაციის შესახებ ტრენინგი გაიარეს

აღნიშნული ინიციატივის დახმარებით, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი, მედიაციის უნარების გაუმჯობესება და საქართველოში კერძო მედიაციის სისტემის განვითარების ხელშეწყობა მოხდება.  

სრულად
img
02 სექ 2024

საქართველოს სასამართლოს გუშაგი მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის პროექტის მეორე ფაზას იწყებს

მონიტორინგი განხორციელდება როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სრულად
img
05 - 08 აგვ, 2024

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა საქართველოში სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების გასაძლიერებლად

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოცდაცხრა ახალგაზრდამ ცოტა ხნის წინ დაასრულა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები