Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
28 სექ 2022

საკანონმდებლო ცვლილებები არბიტრაჟისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის

2022 წლის 15, 22 და 28 სექტემბერს, საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლა, სადაც დაინტერესებულ მხარეებთან არბიტრაჟის შესახებ კანონში ასოციაციის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვა გაიმართა.  ღონისძიებების მხარდამჭერი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა იყო.

ცვლილებები მიზნად ისახავს ქართული საარბიტრაჟო კანონმდებლობის გაუმჯობესებას პრაქტიკაში გამოვლენილი იმ პრობლემების გადაჭრისათვის, რაც 2010 წელს არბიტრაჟის შესახებ ახალი კანონის  და 2015 წელს ამავე კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების შემდგომ იქნა გამოვლენილი.   შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად საარბიტრაჟო შეთანხმებების აღსრულება უფრო ეფექტიანი და მხარეებისთვის განჭვრეტადი იქნება, რაც მოიცავს: ad hoc არბიტრაჟის ცნების განსაზღვრას, რათა ამგვარი საარბიტრაჟო შეთანხმებების ნამდვილობის უზრუნველყოფა მოხდეს; არბიტრაჟის მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების აღსრულების პროცედურაში ცვლილებების შეტანას, რათა მოხდეს საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მიერ მათი, მეორე მხარისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, აღსრულება; კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ცნობისას პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ შესაბამისი განჩინების მიღებას და ასეთი განჩინების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი პრაქტიკოს არბიტრებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მოიცავდა.

სამუშაო შეხვედრები დაინტერესებული მხარეების 3 ჯგუფთან გაიმართა: 1). საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის იურისტებთან, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლებთან; 2) ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის: საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ამერიკის სავაჭრო პალატის, ევროპულ ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის,  საბანკო და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენლებთან; 3) პრაქტიკოს არბიტრებთან, მათ შორის შემდეგი საარბიტრაჟო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან: საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, დავების განმხილველი ცენტრი, ლეგია, მორავი და თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი.

“შემოთავაზებული ცვლილებების შემუშავების პროცესში პრაქტიკოსი იურისტების, ბიზნეს ასოციაციებისა და ბიზნეს წარმომადგენლების ჩართვას, მოქმედ არბიტრებთან ერთად, რამდენიმე მიზანი აქვს. მათი ამ დისკუსიებში ჩართულობა გაზრდის არბიტრაჟის პოპულარობას, საშუალებას მოგვცემს მივიღოთ განსხვავებული გამოხმაურება სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან, ცვლილებების პაკეტის მომზადების პროცესში გაიზრდება იურიდიული და ბიზნეს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მხარდაჭერა და ჩართულობა. ყოველივე ეს დაეხმარება ხელისუფლებას, რომ მოახდინოს შეთავაზებული ცვლილებების ინიცირება და დამტკიცება, რაც გადაჭრის რამდენიმე პრაქტიკულ პრობლემას და საქართველოს არბიტრაჟისთვის უფრო ხელსაყრელ ადგილად გადააქცევს“,  განაცხადა ჯაბა გველებიანმა, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

„საქართველოში არბიტრაჟის პრაქტიკამ აჩვენა, რომ არბიტრაჟის კანონმდებლობა ცვლილებებს საჭიროებს, რათა იგი უფრო მოსახერხებელი და პროგნოზირებადი გახდეს მისი მომხმარებლებისთვის, ბიზნეს საზოგადოებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ინიციატივას, რათა გამოავლინოს და შემოგვთავაზოს კანონში მოცემული საკითხები, რაც საკანონმდებლო ცვლილებასა და დახვეწას საჭიროებს, კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართოს კონსულტაციები არბიტრაჟით დაინტერესებულ ყველა მხარესთან. იმედი გვაქვს, რომ იუსტიციის სამინისტრო და პარლამენტი ჩართულები იქნებიან ამ პროცესში და მხარს დაუჭერენ მას. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა განიხილავს არბიტრაჟს და დავების გადაწყვეტის სხვა საშუალებებს, როგორც მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის განუყოფელ ნაწილს და მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს ამ სფეროს მხარდაჭერას“, განაცხადა გიორგი ჩხეიძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა.  

შეხვედრების დროს, საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ შემოთავაზებულ ცვლილებებზე ზოგადი და კონკრეტული გამოხმაურება მიიღო. მაგ., იყო შემოთავაზება კანონში მოწესრიგდეს ისეთი ღონისძიების საკითხი, რომელიც ხელს უშლის მხარეს დაიწყოს ან განაგრძოს სამართალწარმოება სხვა იურისდიქციაში, გარდა ხელშეკრულებით შეთანხმებული იურისდიქციისა (ე.წ. სარჩელის აკრძალვის ზომა), ასევე დაზუსტდეს შეტყობინების ჩაბარების წესი ელექტრონული ფოსტით გაკეთებული შეტყობინებების ვალიდურობასთან დაკავშირებით. 


შემდგომ ეტაპზე, არბიტრთა ასოციაცია კონსულტაციებს გამართავს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე გახსნის ელექტრონულ პლატფორმას დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების მიზნით, რათა ყველას მიეცეს დეტალური წერილობითი მოსაზრებების გაგზავნის საშუალება. ასოციაციის სამუშაო ჯგუფი განიხილავს შემოთავაზებულ წინადადებებს და ცვლილებებს შეიტანს პაკეტში, ხოლო ამის შემდგომ კი, წარუდგენს მას იუსტიციის სამინისტროს შემდგომი განხილვის მიზნით. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 - 15 ივნ, 2024

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მედიაციის შესახებ ტრენინგი გაიარეს

აღნიშნული ინიციატივის დახმარებით, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი, მედიაციის უნარების გაუმჯობესება და საქართველოში კერძო მედიაციის სისტემის განვითარების ხელშეწყობა მოხდება.  

სრულად
img
02 სექ 2024

საქართველოს სასამართლოს გუშაგი მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის პროექტის მეორე ფაზას იწყებს

მონიტორინგი განხორციელდება როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სრულად
img
05 - 08 აგვ, 2024

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა საქართველოში სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების გასაძლიერებლად

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოცდაცხრა ახალგაზრდამ ცოტა ხნის წინ დაასრულა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები