Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 იან 2023

ამერიკელმა მოსამართლე ჯეიმს რედვაინმა ქართველ კოლეგებთან ერთად საოჯახო დავებთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განიხილა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეულმა ამერიკელმა მოსამართლემ, ჯეიმს რედვაინმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან და თანამშრომლებთან საოჯახო დავებთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა. ამერიკელმა მოსამართლემ ქართველ კოლეგებს  თავისი გამოცდილება იმ ინსტრუმენტების შესახებ გაუზიარა, რომლებიც მან საოჯახო ურთიერთობებიდან წარმოშობილ სასამართლო დავებში დანერგა. 

მონაწილეები  გაეცნენ სასამართლოს მისიის განაცხადის ცნებას და მიზანს,  აგრეთვე წინასასამართლო სხდომის წინა ეტაპის განკარგულების (pre-pre-trial order), წინასასამართლო სხდომის განკარგულების (pre-trial order), არსებითი განხილვის განკარგულების (trial order) და საქმის განხილვის განრიგის შესახებ მიღებული განკარგულების (scheduling order) ნიმუშებს, რომლებიც  შეიცავს პროცედურებს როგორც საოჯახო, ისე არა-საოჯახო დავებისთვის. სამუშაო შეხვედრის  დროს  შესრულდა ჯგუფური სამუშაო, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მისიის განაცხადის  იდენტიფიცირებას და პროექტის  შემუშავებას მოიცავდა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა   ჯუმბერ ბეჟანიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო „განსაკუთრებით მისი პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით“.  

ამერიკული გამოცდილების გაზიარების პროცესში მოსამართლე რედვაინმა თქვა: „მე ვთვლი, რომ მისიის განაცხადს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ სასამართლოს ჰქონდეს სათანადო ხედვა. შესაბამისად, ჩემი აპარატის ოთხ თანამშრომელთან ერთად დავჯექი და მათ ვკითხე აზრი იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა გვსურს ჩვენ, როგორც სასამართლოს. შედეგად,  ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი და სასამართლოს რამდენიმე მიზნის იდენტიფიცირება, რომელთაგანაც უმაღლესი მიზანი მდგომარეობს საცხოვრებლად უკეთესი ადგილის, უკეთესი საზოგადოების შექმნაში. ჩვენ, ასევე, გვსურდა სასამართლო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და ადამიანებს, რომლებმაც უსამართლობის გამო მოგვმართეს ჩვენ. ჩვენს ხელთ არსებული (თუმცა, ჩვენს მიერ აქამდე გამოუყენებელი) სამართლებრივი წესების ინოვაციური გამოყენების შედეგად ჩვენს მიერ შემუშავებული პროცედურების გამოყენებით, ჩვენ ხელი შევუწყვეთ მოქალაქეების მიერ თავიანთი არაერთი სამართლებრივი პრობლემის გადაჭრას“.

„სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი ფილოსოფია, რომელსაც ასახავს ჩემი მისიის განაცხადი, გულისხმობს მხარეების წახალისებას, რათა სხვა პირების ჩარევის გარეშე სცადონ დავის გადაწყვეტა ნებაყოფლობით და დამოუკიდებლად.   ჩემს მიერ წარმოდგენილი ყველა განკარგულების ნიმუში შეიცავს პროცედურებს როგორც საოჯახო, ისე არა-საოჯახო დავებისთვის და  მომზადებულია ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით. იდენტიფიცირებულია თითოეული განკარგულების შესაძლო სამართლებრივი საფუძველი, რათა ამ განკარგულებების გამოყენება შესაძლებელი იყოს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩემი აზრით, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად ეხმარება სასამართლოს განსახილველი საქმეთა ნუსხის დაგეგმვაში და მხარეებს აიძულებს, გამართონ დისკუსიები, რასაც ხშირად ისინი დავის მორიგებით დასრულებამდე მიჰყავს“- დაამატა მან. 

"სემინარის შემდეგ დავფიქრდი სასამართლოში  ჩემი მისიის განაცხადზე. მიმაჩნია, რომ ჩემი მისია არის  დავარწმუნო  მოდავე მხარეები, რომ  ყოველთვის შეუძლიათ სიმართლის პოვნა სასამართლოში, თუმცა მთავარია შეძლონ ერთმანეთის მოსმენა და გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა.  მათ უნდა შეძლონ იმის გაგება, რომ   საქმის მოგება ყოველთვის არ არის პრიორიტეტი, არამედ მოწინააღმდეგე მხარესთან საერთო ენის გამონახვა და  ცხოვრების მშვიდად გაგრძელება“- ხათუნა ბოლქვაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ამერიკელმა მოსამართლემ ასევე  ისაუბრა მედიაციის მნიშვნელობაზე  და  განიხილა სასამართლოში მედიაციის განხორციელების გზებზე, როგორც მოსამართლის, ისე გარე მედიატორების მიერ.  სამუშაო სესია დასრულდა როლური თამაშით, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა და თანამშრომლებმა  თავად გამოცადეს  და დააკვირდნენ  მედიაციის პროცესს, საოჯახო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავაში. 

„სათანადოდ გამოყენებისა და სრულად განხორციელების შემთხვევაში, მედიაციას შეუძლია, საერთო სასამართლოებში შეამციროს საქმეთა დაგროვების მაჩვენებელი; დრო, რომელიც სჭირდება საქმის დასრულებას, მისი შეტანის მომენტიდან; და საქმის გადაწყვეტის შემთხვევაში, დაზოგოს სასამართლოს ძვირფასი დრო და რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველო აქციოს ისეთ ქვეყნად, სადაც არსებული პირობები ხელს უწყობს ოჯახის შექმნას და ოჯახის დანგრევის შემთხვევაში, საოჯახო საკითხების გადაჭრას. ვიცი, რომ გესაჭიროებათ მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეების რაოდენობის გაზრდა, სასამართლოს უკეთესი შენობები, თუმცა, აღნიშნული გრძელვადიანი მიზნებია, რომელზეც თქვენ ვერ მოახდენთ მნიშვნელოვან გავლენას. თუმცა, მეორეს მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ბოლოდროინდელი ცვლილებების გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ მედიაციის გამოყენების გაზრდას, სასამართლო მედიაციის ჩათვლით. შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მედიაციის პროგრამა დავნერგე ჩემს სასამართლოში, ადვოკატებს, რომლებიც თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდნენ ამას, საბოლოოდ შეუყვარდათ მედიაცია, ისევე, როგორც საზოგადოებას“ - აღნიშნა მოსამართლე რედვაინმა.

„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და შემეცნებითი. მნიშვნელოვანი ჩვენი კომპეტენციის გასაუმჯობესებლად. ძირითადად გამოვიყენებთ  საოჯახო დავებთან დაკავშირებულ  პროცედურულ საკითხებს და მედიაციის კომპონენტს“- ზინაიდა აბაშიძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მწერალი თანაშემწე. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები