„ბავშვის მშობლებისგან განცალკევება არ არის მიზანი და არ არის პანაცეა. ეს არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის არის აუცილებელია. ბავშვი უნდა იზრდებოდეს მშობლებთან თუ ეს შესაძლებელია,“ - აღნიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით წერეთელმა ბავშვთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფის წევრ მოსამართლეებსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებთან სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე.
2022 წლის 5 ნოემბერს, ბავშვის უფლებათა კოდექსზე ფოკუსირებით, მოსამართლეებმა და სააგენტოს წარმომადგენელმა განიხილეს ორი საკითხი: ბავშვის მშობელ(ებ)ისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება და ამ გადაწყვეტილებების პერიოდული გადახედვა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
„მოსამართლეები განსაზღვრავენ ბავშვებისა და მშობლების მომავალს და ამიტომ ვფიქრობთ, რომ მთავარი მხარდაჭერა და რესურსი ამ ადამიანებზე უნდა იყოს მიმართული. USAID-ს ასევე აქვს დიდი გამოცდილება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხარდაჭერის და უფრო მეტად სასიხარულოა, რომ USAID-ის მიერ მხარდაჭერილი ეს ორი ინიციატივა ახლა ერთად მუშაობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიმართულებით“ - აღნიშნა USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ტაბატაძემ.
შეხვედრაზე პრეზენტაციებით წარდგნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები დავით წერეთელი და ლელა მილდენბერგერი და სააგენტოს წარმომადგენლები თამთა ბაბუნაშვილი და ელენე მარტაშვილი. დისკუსიის მოდერატორი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ჯინორია გახლდათ.
დისკუსიის დროს, მოსამართლეებმა ახსენეს რომ მათი აზრით შუამდგომლობები ბავშვის განცალკევების მოთხოვნით სასამართლოში უკეთესად დასაბუთებული უნდა შემოდიოდეს, რომ ამ უფლების სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ გამოყენებაზე სასამართლო კონტროლი განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მოსამართლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დეტალურად უნდა გაიწეროს ამ საკითხების განხილვის სამართალწარმოება.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელთა აზრით ბავშვის უფლებების კოდექსი უნდა გამოიყენებოდეს ყველა საქმეზე იმის და მიუხედავად თუ როდის მოხდა ბავშვის განცალკევება მშობლისგან, კოდექსის ამოქმედებამდე თუ კოდექსის ამოქმედების შემდეგ და სასურველია ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი სასამართლო პრაქტიკა არსებობდეს.