"/>
Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
21 მარ 2022

გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შექმნისა და პროგრესის მიუხედავად, გამოწვევები კვლავ რჩება

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, წარადგინა 2021 წლის "გენდერული თანასწორობა - ბარიერები და რეკომენდაციები" კვლევა. 

დოკუმენტში მიმოხილულია 2017-2021 წლებში მიღებული კანონები და რეგულაციები, რომელთა მიზანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა უფლებების დაცვა როგორც  შრომის ბაზარზე, ისე ჯანდაცვის სფეროსა და სხვა სამოქალაქო სექტორში ჩართულობისას. ანგარიშის მიგნებები ხელს შეუწყობს გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავების პროცესში კანონმდებლის ინფორმირებულობას.

ანგარიში მომზადდა საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით. მათ შორისაა: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული სამართლის უზენაესობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI); გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში; ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობა.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით.  თვალსაჩინო პროგრესს მივაღწიეთ ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის, ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის მხრივ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ძლიერი და ეფექტიანი საკანონმდებლო გარემო, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ გენდერული თანასწორობის მიღწევას ცხოვრების ყველა სფეროში, მონიტორინგი გავუწიოთ შესაბამისი კანონებისა და ნორმების აღსრულებას და აღმოფხვრათ ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა, რომელიც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელობს.

ანგარიში დადებითად აფასებს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც სექსუალური ნიშნით ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრას ემსახურება და მოძალადეებზე ელექტრონული დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა. ასევე დადებითადაა შეფასებული დედათა და ახალშობილთა ჯამრთელობის დაცვის მხრივ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ისეთი მავნე სოციალური პრაქტიკის აღმოფხვრის მცდელობა, როგორიცაა ადრეული ქორწინება და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა. 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შეფასებისას, ანგარიში აღნიშნავს, რომ გენდერულმა კვოტირებამ, რომელიც გამოყენებული იყო 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩვენების დროს, გარკვეულწილად გაზარდა ქალთა ჩართულობა პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ამავდროულად, ანგარიში ყურადღებას უთმობს რამდენიმე საკანონმდებლო სფეროს, რომელიც ჯერ კიდევ სრულად არ შეესაბამება გენდერული თანასწორობის პრინციპებს. ამ ჩამონათვალშია გამართული პოლიტიკის შემუშავება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში, საკანონმდებლო მექანიზმების გაძლიერება პოლიტიკურ პარტიებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისთვის და ამ მხრივ, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების აღმოფხვრისთვის.

„კანონებისა და პოლიტიკის გენდერული თვალსაზრისით შეფასება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პარლამენტის მხრიდან თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზე. გაეროს განვითარების პროგრამა მოხარულია მხარი დაუჭიროს შესაბამისი ანგარიშის შექმნასა და გამოქვეყნებას. ამ ყოვლისმომცველ დოკუმენტში აღწერილია არსებული გამოწვევები და მითითებულია რეკომენდაციები გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობის შესაქმნელად“, - განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

„საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი აღიარებს, რომ ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვა საკვანძოდ მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში. ამ მხრივ, საქართველომ უდავოდ დიდ პროგრესს მიაღწია. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ეროვნული კანონმდებლობის სრული ჰარმონიზება საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან კვლავ გამოწვევად რჩება. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ხარისხიანი სერვისებისა და მონაცემთა შეგროვების უზრუნველყოფა, ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების და სხვა არსებული პრობლემების მოგვარება. ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია მრავალსექტორული ძალისხმევის  გააქტიურება, ქალებისა და გოგოების გაძლიერება და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.             

„ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის გაძლიერებითა და საჯარო და სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონების მიღებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. შრომის კოდექსის რეფორმამ ასევე გაამყარა და გააფართოვა ქალთა უფლებები შრომით ურთიერთობებში. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მიზნების ეფექტიანი განხორციელების გზაზე არსებული ბარიერების აღმოსაფხვრელად და შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიური კოორდინაციის უზრუნველსაყოფად. USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა მოხარულია, მხარი დაუჭიროს გენდერული თანასწორობის, გენდერული პასუხისმგებლობისა და არადისკრიმინაციის მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში“, - განაცხადა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.

“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მხარს უჭერს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობას, რათა ქალთა ხმა სრულად იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო პროცესებში. გენდერული საბჭოს საქმიანობის შედეგად, გაიზარდა გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა საპარლამენტო დონეზე, ხოლო თავად პარლამენტი გახდა უფრო მეტად ინფორმირებული და მგრძნობიარე გენდერული საკითხების მიმართ. ამ პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ქალები კვლად უამრავ ბარიერსა და წინააღმდეგობას აწყდებიან ცხოვრების ყველა სფეროში. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ პარლამენტის ხელმძღვანელმა პირებმა და გენდერული თანასწორობის საბჭომ უფრო აქტიურად შეუწყონ ხელი პარლამენტს გენდერული თანასწორობის მიზნების მიღწევაში. ამ ანგარიშში დეტალურად მიმოხილულია გენდერული პოლიტიკის შემუშავება და ასევე მოყვანილია რეკომენდაციები პარლამენტისა და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების მიმართ, როგორც 2022 წლისთვის, ისე შემდგომი პერიოდისთვის”, - თქვა NDI საქართველოს დირექტორის მოადგილემ თეონა ყუფუნიამ.

ანგარიში „გენდერული თანასწორობა - ბარიერები და რეკომენდაციები. 2021“ ეყრდნობა 2018 წელს ჩატარებულ ანალოგიურ კვლევას, რომელშიც შეფასებულია საქართველოს კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისობა გენდერული თანასწორობის პრინციპებთან და მოყვანილია რეკომენდაციები გასატარებელი რეფორმების შესახებ.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები