Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
13 - 15 ოქტ, 2023

ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა საქართველოში

ინოვაციური და საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება აუცილებელია მართლმსაჯულების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამართლიანობის ხელშეწყობისა და სამართლებრივი სისტემის ფარგლებში ღირებული რესურსების შესანარჩუნებლად. ეს მიდგომები არა მხოლოდ აძლიერებს საზოგადოებებს, არამედ შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას და იცავს ადამიანის უფლებებს.

ოცდაექვსმა მოტივირებულმა სამართლის სტუდენტმა დაასრულა საქართველოში პირველი ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიულ ფაკულტეტის, მართლმსაჯულების ინოვაციების ცენტრის (ნიუ-იორკი) და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, სხვადასხვა რეგიონის 10 უნივერსიტეტიდან შესაძლებლობა ჰქონდათ გაემდიდრებინათ ცოდნა იურიდიულ სფეროში, შეესწავლა მართლმსაჯულების ინოვაციური მიდგომები და გაეცნოთ ამ სფეროს წამყვანი ექსპერტები.

სკოლის მონაწილეებს, რომლებიც 109 განმცხადებლიდან ღია კონკურსის შედეგად შეირჩნენ, თსუ-ის დეკანის მოადგილე, გიორგი დგებუაძე და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩხეიძე მიესალმნენ.

გიორგი ჩხეიძემ აღნიშნა, რომ „USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა არის იურიდიული განათლების ძლიერი მხარდამჭერი საქართველოში, რომელიც სტუდენტების მხარდასაჭერად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს სკოლა, რომელიც თსუ-სთან პარტნიორობით ტარდება, არის საქართველოში იურიდიული განათლების გასაუმჯობესებლად ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის საუკეთესო მაგალითი.“ „საზოგადოებაზე ორიენტირებული და ინოვაციური მართლმსაჯულება ჩვენი პროგრამის მთავარი პრიორიტეტია. იგი სამართლებრივი პროცესების წინა პლანზე აყენებს ინდივიდების უფლებებს, საჭიროებებსა და წუხილებს. მოქალაქეთა კეთილდღეობისა და სამართლებრივი გაძლიერებისათვის პრიორიტეტის მინიჭება უზრუნველყოფს სამართლიანობასა და სამართლიანი სისტემის არსებობას, რაც საზოგადოებაში აყალიბებს ნდობასა და ინკლუზიურობას." - დასძინა მან.

გიორგი დგებუაძემ განაცხადა, რომ “თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტისთვის პრიორიტეტულია, რომ მის სტუდენტებს ბაკალავრის საფეხურიდანვე ჩაუნერგოს სამართლის უზენაესობის დაცვა და ხელი შეუწყოს მათ მონაწილეობას უნივერსიტეტის მიღმა აქტივობებში. USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული 'ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა' სწორედ ასეთ პროექტს წარმოადგენს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკას მართლმსაჯულების საკითხებში ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებისგან. ჩვენთვის პრიორიტეტულია სტუდენტებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე ტენდენციებს, რის უზრუნველსაყოფადაც მომავალში ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას და მრავალი საინტერესო ერთობლივი პროექტის განხორციელებას, რაც კიდევ უფრო მეტ სტუდენტს დაეხმარება მათ პროფესიულ განვითარებაში“. 

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენელმა, მარიკა ტურავამ ისაუბრა იურიდიული განათლების როლზე ინოვაციური მართლმსაჯულების პოპულარიზაციაში. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის კოორდინატორმა, მარიამ გობრონიძემ წარმოადგინა თეორიები მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ და სტუდენტების აქტიური ჩართულობით გააანალიზა საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელშემშლელი ბარიერები, როგორიცაა სამართლებრივი ინფორმირებულობის დაბალი დონე, სასამართლოების ტერიტორიულ და ფიზიკურ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები, აგრეთვე ფინანსური, კულტურული და სოციალური ბარიერები.

ტიმ ბუნიევაცმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოების ჩართულობის მრჩეველმა, სტუდენტებს გაუზიარა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მაგალითები მთელი მსოფლიოდან და ცალკე სესია დაუთმო სასამართლოს მმართველობისა და მენეჯმენტის უახლესი სიახლეების განხილვას. ირაკლი გელოვანმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველმა ADR-ის მიმართულებით, სტუდენტებს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ, როგორიცაა მედიაცია და არბიტრაჟი.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, მორის შალიკაშვილის სესია აღდგენითი მართლმსაჯულების თემას ეხებოდა, ხოლო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სერგი ჯორბენაძემ სკოლის მონაწილეებთან წარმოადგინა პრაქტიკაში ტექნოლოგიებისა და სამართლის დაახლოების შემთხვევების ანალიზი. თსუ-ს დეკანის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ წარმართა სესია საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში სიახლეების შესახებ, როგორიცაა ჰიბრიდული იურისდიქციის გამოყენება.

სკოლაში ასევე მონაწილეობდა ინოვაციური და საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ორი ამერიკელი ექსპერტი, რომლებიც ონლაინ ჩაერთნენ. მართლმსაჯულების ინოვაციების ცენტრის სასამართლო განათლებისა და ლიდერობის პროგრამის დირექტორმა, დანიელ პიუმ განიხილა პროცედურული სამართლიანობის მნიშვნელობა, ხოლო ამავე ორგანიზაციის უფროსმა მკვლევარმა, სრუთი ნარაჰარისეტმა სამართლებრივი საჭიროებების კვლევის გამოყენებაზე ისაუბრა. ენ მაკქიგმა, შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მინესოტადან, ისაუბრა მოსამართლეების როლზე ინოვაციური მართლმსაჯულების ინიციატივების განხორციელებაში.

ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს ენთუზიაზმის, მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამისთვის, რამაც გაამდიდრა მართლმსაჯულების თანამედროვე ტენდენციების შესახებ მათი ცოდნა.

ნიკოლოზ კობახიძემ ხაზი გაუსვა თითოეული სასწავლო სესიის უნიკალურობას და თემატურ მრავალფეროვნებას, ინტერაქტიური ხასიათისა და საინტერესო აქტივობების გამო. სამომავლო გეგმების თვალსაზრისით, ნიკოლოზი აპირებს სკოლის განმავლობაში შეძენილი იდეების გამოყენებას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ-ს) ბაზაზე, მის მიერ მოსამზადებელ სამაგისტრო ნაშრომში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სტუდენტმა, 20 წლის ელენე ღაჭავამ სკოლაში მონაწილეობის შემდეგ ისაუბრა ინოვაციური მართლმსაჯულების შესახებ მისი აღქმის ტრანსფორმაციაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მართლმსაჯულება ახლა მისთვის განასახიერებს ახალი, კრეატიული მიდგომების გამოყენებას სამართლებრივ სისტემაში არსებული საკითხების გადაწყვეტისას. ეს მოიცავს ტრადიციული სადამსჯელო ღონისძიებებისაგან განსხვავებით, ალტერნატიული მეთოდების შესწავლას, როგორიცაა აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკა, განრიდების პროგრამები და საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ინიციატივები. ინოვაციური მართლმსაჯულება მიისწრაფვის ხელი შეუწყოს სამართლიანობას, თანასწორობას და ეფექტიანობას კონფლიქტების მოგვარებასა და რეციდივის შემცირებაში.

ღაჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „როგორც ინდივიდებს, ჩვენ შეგვიძლია აქტიურად ჩავერთოთ ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციაში, ვაჩვენოთ მათ ტოლერანტობა და თანაგრძნობა. ცვლილებების ინიცირება იწყება ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით. ჩვენ პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მეთოდებს, როგორიცაა მედიაცია და არბიტრაჟი. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ ასევე უნდა ჩანდეს, რომ ის აღსრულებულია.” 

თსუ-ს მეოთხე კურსის სტუდენტმა, მარიამ მიქელაძემ გაგვიზიარა მისი შთაბეჭდილება სკოლის შესახებ: „დროთა განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვრწმუნდებით, ინოვაციების და ზოგადად ცვლილებების საჭიროებაში. სკოლაში მონაწილეობით, კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ მნიშვნელოვანია მომავალ იურისტებს რა სფეროშიც არ უნდა გავაგრძელოთ უშუალოდ ჩვენი საქმიანობა, გაგვაჩნდეს კრიტიკული აზროვნების უნარი, ვიყოთ გამომწვევების მიმღებები და მზად სიახლეებისთვის. შესაბამისად, ამ სკოლის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეფართოებინა ხედვა და თავად გვეფიქრა მართლმსაჯულების განხორციელების დროს ინოვაციების ინტეგრაციაზე.“

სკოლა დასრულდა სტუდენტების მიერ ჯგუფური პროექტების პრეზენტაციებთ, რომლებიც მოიცავდა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების პრაქტიკასა და თეორიას. მათ შორის იყო მოკლე ფილმი, რომელიც ასახავდა ტრადიციული სასამართლო პროცესის ხარვეზებს, წინადადებას მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მულტიდისციპლინური ცენტრის შექმნის შესახებ, ასევე, ვებსაიტის იდეას, რომელიც გააერთიანებს პრაქტიკოსების, აკადემიკოსებისა და მოსამართლეების გამოცდილებას, რათა ადამიანებს, ვისაც არ შეუძლიათ ადვოკატთან კონსულტაციის გავლა, შესთავაზოს უფასო იურიდიული რესურსები.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები