USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ -- დემოკრატიის ინდექსი – საქართველომ, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემებისა და მათი ალტერნატივების შესახებ ონლაინ დისკუსია გამართეს.
დისკუსიის ოცდასამმა მონაწილემ, მათ შორის იურისტებმა, ყოფილმა მოსამართლეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ნიდერლანდების, ხორვატიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ექსპერტებთან ერთად, ევროკავშირის მიერ საქართველოს სასამართლო სისტემაში კორპორატვიზმისა და პოლიტიკური გავლენის პრობლემების გადასაჭრელად რეკომენდირებული მექანიზმი განიხილეს.
მოსამართლე გიორგი ანდონოვმა ჩრდილოეთ მაკედონიის სასამართლო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. ქართველმა ექსპერტმა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორმა, გურამ იმნაძემ საქართველოს სასამართლო სისტემაში 2012 წლიდან დღემდე განვითარებული მოვლენები მიმოიხილა. ანდრეი ბოჟინოვსკიმ, სასამართლოს ექსპერტმა და CEELI ინსტიტუტის მოსამართლეთა ვეტინგის სახელმძღვანელოს კოორდინატორმა, ვეტინგის სახეებსა და სასამართლო ანგარიშვალდებულების ალტერნატიულ მექანიზმებზე ისაუბრა. მოლდოვაში წინასწარი ვეტინგის კომისიის თავმჯდომარემ, ჰერმან ფონ ჰებელმა, დამსწრეებს მოლდოვაში ფინანსური და ეთიკური კეთილსინდისიერების შემოწმების განხორციელების გამოცდილება გაუზიარა.
ექსპერტების მოსაზრებით, ვეტინგი სასარგებლო ინსტრუმენტია, რომელიც შეიძლება სასამართლო სისტემის ფუნდამენტური პრობლემების გადასაჭრელად იქნას გამოყენებული. თუმცა, ამ მექანიზმის სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვეტინგი არის საგანგებო, ერთჯერადი ღონისძიება და ის არ უნდა გარდაიქმნას ინსტრუმენტად, რომელიც სხვადასხვა მთავრობას საშუალებას მისცემს მოსამართლეები მათთვის სასურველი კადრებით ჩაანაცვლოს. სპიკერების თქმით, მთლიანი სასამართლო კორპუსის შემოწმების ნაცვლად, უფრო გონივრული იქნება კეთილსინდისიერების შემოწმება შეეხოს საკვანძო ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომლებიც შემდგომ თავად „გაწმენდენ“ სისტემას ტრადიციული დისციპლინური მექანიზმების საშუალებით.
მოლდოვაში წინასწარი შემოწმების კომისია მხოლოდ მოსამართლეთა ეთიკურ და ფინანსურ კეთილსინდისიერებას აფასებს და კანდიდატების სასამართლო გადაწყვეტილებებს გამონაკლის შემთხვევებში განიხილავს. კომისია ინფორმაციას საჯარო წყაროების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ჟურნალისტების, კერძო ბანკების და მთლიანად, საზოგადოების საშუალებით აგროვებს. ის ასევე, პასუხისმგებელია შემოწმების პროცესის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებაზე. პროცესი სრულად გამჭვირვალეა და გასაჩივრებას ექვემდებარება.
ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა, სადაც მონაწილეებმა ექსპერტებს კითხვები კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემების პრაქტიკული ასპექტების შესახებ დაუსვეს.