Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
30 ოქტ 2023

მოსამართლეებისა და ადვოკატების შეხვედრა სასამართლო დარბაზში გენდერული სტერეოტიპებისა და სექსისტური გამონათქვამების შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით შექმნილი სამართლის უზენაესობის პრაქტიკის ჯგუფების (ინფორმაციის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების) წევრი მოსამართლეები შეხვდნენ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების, იურიდიული დახმარების სამსახურის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს. შეხვედრა ორიენტირებული იყო სასამართლო დარბაზში გენდერული სტერეოტიპებისა და სექსისტური გამონათქვამების განხილვაზე, რათა მონაწილეებს ემსჯელათ შესაძლო გზებზე სასამართლო დარბაზებში ქალთა მიმართ უფრო თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად.

ადამიანის უფლებათა ექსპერტმა ბესარიონ ბოხაშვილმა და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრის (EHRAC) უფროსმა იურიდიულმა კონსულტანტმა, ქეით ლევინმა თავიანთი პრეზენტაციების ფარგლებში ისაუბრეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და სამართლებრივი ეთიკის შესახებ, რომლებიც გამოიყენება სასამართლო დარბაზებში ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, გენდერული სტერეოტიპების გამოვლენისა და სექსისტური გამონათქვამების საშუალებით. ქეით ლევინმა მონაწილეებს გააცნო შესაბამისი ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტები, რომლებიც გამოიყენება ინგლისსა და უელსში ადვოკატებისა და მოსამართლეების მიმართ, ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აბალანსებენ სასამართლოები დისკრიმინაციის აკრძალვას ადვოკატთა გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში.

ლევინმა ხაზი გაუსვა ადვოკატთა სტანდარტების საბჭოს როლს ადვოკატთა ძირითადი მოვალეობებისა და ქცევის კოდექსის, განსაკუთრებით კი - ახლად მიღებული სოციალური მედიის სახელმძღვანელოს აღსრულებაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადვოკატთა გარკვეული სექსისტური და დისკრიმინაციული პოსტები შეიძლება გახდეს პასუხისმგებლობის საფუძველი, მაშინაც კი, თუ ისინი არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ სამართალწარმოებასთან.

ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრის ქართულ ორგანიზაციებთან პარტნიორობის გამოცდილების გათვალისწინებით სტრატეგიულ სამართალწარმოებაში საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის სფეროში, ქალბატონი ლევინი სიღრმისეულად იცნობს სექსიზმის, სექსუალური შევიწროების და გენდერული სტერეოტიპების გამოვლების გამოწვევებს სასამართლო დარბაზებში. სწორედ ამიტომ, მან ყურადღება გაამახვილა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო პრაქტიკის იმ ასპექტებზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის.

შეხვედრა გაგრძელდა პრეზენტაციითა და დისკუსიით, რომელსაც უძღვებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ირმა ტოგონიძე. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელმა, ანა თავხელიძემ და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელმა, ქეთი ბახტაძემ ისაუბრეს გენდერული დისკრიმინაციის გამოცდილებაზე, რომელსაც განიცდიან ქალი მხარეები და ქალი ადვოკატები სასამართლოებში.

ქეთი ბახტაძემ განაცხადა, რომ „სასამართლოებში სექსისტური განცხადებების საკითხი, ფაქტობრივად, არის ქალებისათვის მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხი“. მომდევნო სესიის ფარგლებში, რომელიც სასამართლოებში ქალთა თანასწორობის უზრუნველყოფის გზების განხილვას მიეძღვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ ხაჟომიამ ყურადღება გაამახვილა პრობლემის შესაძლო გადაწყვეტებზე.

სასამართლო დარბაზში განხორციელებული დისკრიმინაციის საპასუხო პროპორციულ ზომებსა და შესაბამის სტრატეგიებთან დაკავშირებით ისაუბრეს ბაია პატარაიამ, კავშირი საფარიდან და ინგა ბერიძემ, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიიდან. მათ ასევე ისაუბრეს მოსამართლეებისა და ასოციაციის ეთიკის კომისიის როლის შესახებ ადვოკატების მიერ სასამართლო დარბაზებში სექსისტური და დისკრიმინაციული გამოსვლების პრევენციაში. კრიტიკულად იქნა გაანალიზებული ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის რამდენიმე გადაწყვეტილება და კომისიის წარმომადგენლებმა უშუალოდ მოისმინეს ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ქალები აწყდებიან თავიანთი უფლებების დაცვისას ცალკეული იურისტების შეურაცხმყოფელი ქცევისგან.

ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ ადვოკატთა პროფესიული ქცევის კოდექსი საჭიროებს გადახედვას და განახლებას, რათა შეესაბამებოდეს დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპებს. თუმცა, კოდექსში ცვლილებების შეტანის გარდა, როგორც მოსამართლე ხაჟომიამ აღნიშნა, სასამართლო დარბაზებში სექსიზმის პრობლემის ნაწილი გამოწვეულია ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობით: მხარეებს, მოსამართლეებსა და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას შორის. ამ თვალსაზრისით, შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ყველა ამ აქტორის სტრატეგიის კოორდინირებისთვის სასამართლო დარბაზებში სექსიზმის წინააღმდეგ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
17 - 20 ოქტ, 2024

უნივერსიტეტის სტუდენტები მთელი საქართველოდან ესწრებიან ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლას

.

სრულად
img
11 ივნ - 20 სექ, 2024

ვიდეო ჩვენებები და დისკუსიები სასამართლოს როლზე ადამიანის ულებების დაცვაში

ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სასამართლოს გადაწყვეტილებების პოზიტიური როლზე სამართლის უზენაესობისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში.

სრულად
img
18 ოქტ 2024

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია სამომხმარებლო არბიტრაჟის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები