2023 წლის 14 ივნისს ბათუმში გაიმართა პანელური დისკუსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ. ღონისძიება ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) მიერ და მასში მონაწილეობდნენ დარგის ექსპერტები, რომლებმაც იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და განიხილეს არსებული სტრატეგიები მათი უფლებების დასაცავად.
პანელური დისკუსიის მოდერაციას უწევდა გელა ბერაძე, ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი და მენტორი იურისტი შშმ პირთა უფლებების სპეციალობით. გელა ბერაძემ ხაზი გაუსვა ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობის მნიშვნელობას, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს შეუძლიათ სრულად მიიღონ მონაწილეობა და ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოებისა და პოლიტიკის მნიშვნელობაზე.
იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) დირექტორმა დავით სიმონიამ ისაუბრა სამსახურის მანდატზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის სამართლებრივი დახმარების შეთავაზების კუთხით. მან ყურადღება გაამახვილა იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდამჭერ როლზე, რათა ოჯახებს მიეცეთ საშუალება შვილების უფლებების ადვოკატირება მოახდინონ და გაეცნონ კომპლექსურ სამართლებრივ გარემოს.
ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელმა იამზე ზანდარაძემ მონაწილეებს გააცნო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით არსებული ადგილობრივ ინიციატივები. იამზე ზანდარაძემ ისაუბრა საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით ოჯახებისთვის არსებულ მხარდამჭერ სერვისებზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ხათუნა ბოლქვაძემ და ირმა ტოგონიძემ თავიანთი პერსპექტივები გაუზიარეს მონაწილეებს და ისაუბრეს შშმ პირთა ფიზიკური გარემოს და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის, დოკუმენტების ადაპტირებული ფორმების ხელმისაწვდომობისა და კომუნიკაციის მხარდაჭერის საკითხებზე. მათ ხაზი გაუსვეს ნოტარიუსების ინფორმირებულობის გაუმჯობესებაზე მათი როლის შესახებ შშმ პირთა უფლებების დაცვაში, რაც ასევე ხელს შეუწყობს სასამართლოების გადატვირთვას.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ა.რ განათლების სამინისტროს, ბათუმის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დეპარტამენტის, და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის წარმომადგენლები.