Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
16 ივლ 2024

საიამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

2024 წლის 15 ივლისს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N18 ანგარიში წარადგინა. საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ და ადამიანის უფლებათა პროგრამის დირექტორმა თამარ ონიანმა ანგარიშის ძირითადი მიგნებების შესახებ ისაუბრეს. ანგარიშში შეჯამებულია 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის თებერვლის პერიოდში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გამართული სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შედეგები.

საიას მიერ განხორციელებულმა პროცესების მონიტორინგმა რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოავლინა. მათ შორის, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. საიას დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ სასამართლოები თითქმის ყოველთვის იყენებენ აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს - გირაოსა და პატიმრობას. სასამართლომ დაკვირვებული სხდომების 97%-ში გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ალტერნატიული ღონისძიებების საჭიროებისა, საკანონმდებლო დონეზე არ იდგმება ნაბიჯები აღკვეთის ღონისძიების არსებული სახეების გასაფართოვებლად. გარდა ამისა, გამოწვევაა გირაოსა და პატიმრობის დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენება. ასევე, ხშირ შემთხვაში პროკურატურა სათანადოდ ვერ ასაბუთებს და ხსნის გამკაცრებული ზომების მოთხოვნას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასამართლო იშვიათად აყენებდა ეჭვქვეშ სამართალდამცავების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მოსამართლეები ყურადღებით არ აკვირდებოდნენ საპროცესო შეთანხმების შინაარსს. საიას განმარტებით,  მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ ბრალდებულის უფლებების განმარტება საპროცესო შეთანხმების სხდომებზე გაუმჯობესდა, ეს მოსმენები ხშირად ზედაპირული და ხანმოკლე იყო, ზოგჯერ კი მხოლოდ 2-3 წუთს გრძელდებოდა.

ანგარიში ასევე ეხება სასამართლოს გამჭვირვალობისა და გონივრულ ვადაში გასამართლების უფლების საკითხებს.  აღნიშნულია, რომ სასამართლოები ხშირად არ აქვეყნებენ ინფორმაციას პირველი წარდგენის სხდომების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა ვერ შეძლეს საჯარო სხდომაზე დასწრება, ვინაიდან პროცესი პატარა დარბაზში ჩატარდა. საიას დამკვირვებლების განცხადებით, ბრალდებულის დროული სასამართლო განხილვის უფლება ხშირად ირღვეოდა გადადებისა და დაუსაბუთებელი გაჭიანურების გამო. საია-ს მიერ დამონიტორინგებული 184 არსებითი განხილვის სხდომიდან 48% გადაიდო. გადადების მიზეზებიდან ყველაზე აქტუალური საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება და პროკურორის მიერ მოწმის წარმოუდგენლობა იყო.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის დანაშაულებს, ანგარიშის მიხედვით, პროკურატურა საქმეების 97% შემთხვევაში ითხოვდა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას. ოჯახში მოძალადეების მიმართ სასამართლო უფრო ლოიალურია. ზოგ შემთხვევაში, პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ ბრალდებულს გირაოს მინიმალური ოდენობა შეუფარდა. მიუხედავად პროკურატურის მცდელობისა, მოამზადოს პროკურორები, რომლებიც სპეციალიზებულნი იქნებიან ოჯახში ძალადობის საკითხებში, ოჯახური დანაშაულის საქმეებზე გამოწვევაა დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემისგან თავის შეკავება, რის შედეგადაც, ხშირია სავარაუდო მოძალადეების გამართლების შემთხვევები.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები