Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 აგვ 2023

სასამართლოს მმართველობის დამოუკიდებელი ორგანოების როლი გარდამავალ დემოკრატიებში

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გამართა საერთაშორისო ონლაინ დისკუსია სასამართლოს მმართველობის დამოუკიდებელი ორგანოების როლზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

2021 წელს, ექსპერტებმა სომხეთიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუმინეთიდან და უკრაინიდან მოამზადეს რეკომენდაციები სასამართლოს მმართველობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლეების დაცვას პოლიტიკური ჩარევებისგან.

რეკომენდაციის მიხედვით, სასამართლოს მმართველობა უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი საბჭოს მეშვეობით, რომელიც ძირითადად მოსამართლეთა მიერ არჩეული წევრებით დაკომპლექტდება (ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი წევრები შეიძლება იყვნენ უმრავლესობაში). მიჩნეულია, რომ მოსამართლეებისგან დაკომპლექტებული საბჭო არის სასამართლოს დამოუკიდებლობის საუკეთესო გარანტია. ეს რეკომენდაციები ეფექტიანი აღმოჩნდა დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც მართლმსაჯულების სისტემები დროთა განმავლობაში მომწიფდა და ემსახურებოდა სასამართლოს ყოველგვარი არასათანადო პოლიტიკური ჩარევისგან დაცვას. თუმცა, ამ სტანდარტის დანერგვას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომლებმაც დემოკრატიული ტრანსფორმაცია ახლახანს დაიწყეს, არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი შედეგები. პირიქით, კორუმპირებული და პოლიტიკურად დამოკიდებული მოსამართლეები გაძლიერდნენ და ხელი შეუწყეს შიდა კორპორატივიზმს.

შეხვედრას 3O-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის იურისტები, მოსამართლეები, სასამართლოს ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აშშ-დან, იტალიიდან და ესტონეთოდან. მონაწილეებმა მიმოიხილეს ბოლო პერიოდში რეგიონში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული მოვლენები და იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება წარმატებული მოდელები გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ქვეყნებში.

ღონისძიების მოდერატორმა, უკრაინელმა ექპერტმა ჰალია ჩიჟიკმა, მონაწილეებს ზემოთაღნიშნული რეკომენდაციები გააცნო. თავის გამოსვლაში პროფესორმა ტილმან ჰოპმა, ყოფილმა მოსამართლემ გერმანიიდან და უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) თავმჯდომარის შერჩევის კომისიის თანათავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა ევროპული ინსტიტუტების პოზიციის მნიშვნელოვან ცვლილებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ვენეციის კომისია მიიჩნევენ, რომ ერთი და იგივე მიდგომა განსხვავებულად მუშაობს სხვადასხვა პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყნებში. მაგალითად, იმ მიდგომებმა, რომლებიც წარმატებით მუშაობს გერმანიასა და შვედეთში, შესაძლოა არ იმუშაოს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შემთხვევაში. დოქტორმა ჰოპმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სასამართლოს ადმინისტირების წარმატებული მოდელების შეთავაზებაში იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის შესაქმნელად.

ლავლი პერლინგმა, ესტონეთის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ეთიკის საბჭოს (უკრაინა) და ვეტინგის კომისიის (მოლდოვა) წევრმა, დამსწრეებს  ეთიკის საბჭოს წევრად მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც შეიქმნა უკრაინის სასამართლოს ადმინისტრირების უმაღლესი ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების კეთილსინდისიერების შესაფასებლად. ლავლი პერლინგმა ხაზი გაუსვა რეალური რეფორმის გასატარებლად პოლიტიკური ნების მნიშვნელობას და ეფექტიანი თანამშრომლობის აუცილებლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელიც პასუხისმგებელია რეფორმის განხორციელებაზე. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მმართველობის ორგანოების წევრების შერჩევის პროცესში ჩაერთონ გარე ექსპერტები.

ნონა წოწორიამ, მოსამართლეთა და პროკურორთა თვითმმართველობის ორგანოების წევრების (მოლდოვა) შეფასების  დამოუკიდებელი კომისიის წევრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, დამსწრეებს გაუზიარა ინფორმაცია კომისიის შექმნის პროცესში მოლდოვას გამოცდილების შესახებ. მან აღნიშნა, რომ რეფორმის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობას. გარდა ამისა, შერჩევის პროცესში დამოუკიდებელი პროფესიონალების ჩართვა მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე კვოტების შევსებაზე ფოკუსირება და შერჩევის კომისიებში სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

ვენეციის კომისიის სამდივნოს იურიდიულმა მრჩეველმა, ტარას ფაშუკმა წარმოადგინა თავისი მოსაზრება რეკომენდაციებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება სასამართლოს დამოუკიდებლობის არსებითი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისია მუშაობს ახალ მოსაზრებაზე, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს შეეხება. ფაშუკმა გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელთან ამ საკითხზე.

დისკუსიის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად ეფექტიანი გადაწყვეტების შემუშავების აუცილებლობას. ასევე, ისაუბრეს დოკუმენტის შემდგომი დახვეწის მნიშვნელობაზე სასამართლოს რეფორმებისა და სხვადასხვა წარმატებული მოდელის შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით.

დისკუსია დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფისა და დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს ორგანიზებით, სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის ფარგლებში იმართება. ამჟამად ქსელი აერთიანებს 59 წევრს აშშ-ს, ევროპის, აზიის, და ლათინური ამერიკის 23 სხვადასხვა ქვეყნიდან.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები