2024 წლის 10-11 თებერვალს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ექსპერტთა ჯგუფისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრას უმასპინძლეს, რაც მედიაციის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული. შეხვედრაზე მედიაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილეს, რომელიც საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ 2024 წლის 24 იანვარს პარლამენტს წარუდგინა.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დავით მათიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ჰერბ ბოუმენმა, პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ. შეხვედრას 16 მონაწილე ესწრებოდა, რომელთა შორისაც იყვნენ გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კასრაძე, ამავე კომიტეტის აპარატის უფროსი, გიორგი ხაჭვანი, კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, ირინა წაქაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი პავლაძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრები.
შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მედიაციის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს ეხება, რომლის მიზანიც პროცედურების გამარტივება და დავის გადაწყვეტის მექანიზმის მხარდამჭერი სამართლებრივი ბაზის გაძლიერებაა. შემოთავაზებული ცვლილებების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას სასამართლოს მიერ სამედიაციო მორიგების დამტკიცების პროცედურების გამარტივება წარმოადგენს. ამასთანავე, მედიაციის შესახებ კანონში განგრძობადი პროფესიული განვითარების (CPD) სისტემის გათვალისწინება ხელს შეუწყობს მედიატორების უნარ-ჩვევების გაძლიერებას.
შემოთავაზებული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს მედიატორისთვის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში გასაჩივრების უფლების მინიჭებას, რათა მოხდეს იმავე პრივილეგიებით სარგებლობა, რითაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სარგებლობს. ეს ნაბიჯი განამტკიცებს ვალდებულებას, რომ მედიაციის ფარგლებში ეთიკური სტანდარტებისა და პროცედურული სამართლიანობის დაცვა მოხდეს.
მედიაციის პროცესის ფინანსურ ასპექტთან დაკავშირებით, შემოთავაზებული პაკეტი მოიცავს ცვლილებას, რომელიც სასამართლო ბაჟის უკან დაბრუნებას ეხება. ამჟამად არსებული ხარვეზის გამო, სამედიაციო მორიგებისას მოსარჩელესთვის ბაჟის 70%-ის დაბრუნება ხდება მაშინ, როცა სასამართლო მორიგების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 100%-ს შეადგენს. მედიაციის წახალისების მიზნით, შემოთავაზებული ცვლილება ითვალისწინებს სამედიაციო მორიგებებისას ბაჟის 100%-ით დაბრუნებას, რაც მსგავსი იქნება სასამართლო მორიგებების შემთხვევაში არსებული პრაქტიკისა.
ცვლილებები მოიცავს იმ დებულებების გათვალისწინებას, რომლებიც მედიაციის პროცედურებში მხარის წარმომადგენლობაზე მკაფიო თანხმობის გაცემას გულისხმობს. ეს დებულება ხაზს უსვამს ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობას და მიზნად ისახავს წარმომადგენლობის პროცესში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, რაც მედიაციის პროცესის მიმართ ნდობას განამტკიცებს.
შეხვედრის ბოლოს, მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებების ძირითად ნაწილებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. თუმცა, დისკუსიებმა ცხადყო, რომ პროექტის ტექსტს შემდგომი გადამუშავება დასჭირდება. მონაწილეებმა მზადყოფნა გამოხატეს, გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წერილობით შენიშვნებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციას მიაწოდებენ, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ცვლილებების პროექტში ასახვას და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატისთვის გაგზავნას. პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ავტორებთან, რათა საბოლოო ჯამში მოხდეს მისი მიღება.