2024 წლის 6-8 აგვისტოს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართა ტრენინგები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლების სამართლებრივი წერის უნარების გაუმჯობესებას. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სახალხო დამცველის სხვადასხვა დეპარტამენტის 23-მა თანამშრომელმა, მათ შორის თანასწორობის, გენდერის, ბავშვთა უფლებების, შშმ პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტებიდან და სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოდან.
ტრენინგს უძღვებოდა სამართლებრივი წერის ექსპერტი ეთერ ჩაჩანიძე. ტრენინგის ძირითადი თემა იყო სახალხო დამცველის მიერ სახელმწიფო უწყებებისთვისა და კერძო სუბიექტებისთვის გაცემული რეკომენდაციების კრიტიკული შეფასება, მათი ძლიერი მხარეების განსაზღვრა და გაუმჯობესების პოტენციალის იდენტიფიცირება. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს სამართლებრივი დოკუმენტების ადაპტირების მნიშვნელობა, რათა ისინი მაქსიმალურად გასაგები იყოს მიზნობრივი აუდიტორიისთვის. სესიები მოიცავდა იურიდიული წერის საუკეთესო პრაქტიკებს, საერთაშორისო მაგალითების გამოყენებას ეფექტური დოკუმენტაციის შექმნაში, ციტირების სტანდარტებსა და არგუმენტაციის ტექნიკებს.
ტრენინგის ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი იყო IRAC/TREAC მეთოდის, სტრუქტურირებული სამართლებრივი წერის მიდგომის, გაცნობა. ეს მეთოდი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან ნაწილებზე, როგორიცაა ფაქტობრივი მოცემულობა, ჰიპოთეზა, რეგულაცია/ნორმა, გამოყენება და დასკვნა. IRAC და TREAC მეთოდები შექმნილია იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რათა მათ დაეხმაროს სამართლებრივი ანალიზის მკაფიო და ლოგიკურ ორგანიზებაში. ამ სტრუქტურირებული მიდგომების დაცვის შედეგად შესაძლებელია ისეთი დოკუმენტების შექმნა, რომლებიც იქნება როგორც თანმიმდევრული, ასევე ლოგიკურად ორგანიზებული.
ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ემუშავათ ექსპერტთან ერთად და მიეღოთ უკუკავშირი. სესიები ასევე შედგებოდა ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოების, პრეზენტაციებისა და დეტალური განხილვებისგან. ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებმა განიხილეს სამართლებრივი წერის საუკეთესო პრაქტიკები და სტრატეგიები ამ ტექნიკების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრაციისთვის.
სახალხო დამცველის თანამშრომლებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ინტენსიურ ტრენინგ პროგრამაში, აღნიშნეს მისი სარგებელი როგორც დოკუმენტების შედგენის პროცესის ღრმა გააზრების, ასევე პროფესიული უნარების გაუმჯობესების თვალსაზრისით.