Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
20 ივლ 2023

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ანგარიში მიმოიხილავს უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობას და რასიზმს საქართველოში

2023 წლის 18 ივლისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამართა დისკუსია და წარადგინა სპეციალური ანგარიშის „უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა და რასიზმი საქართველოში“. ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სათემო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების და პოლიტიკური პარტიების ორმოცამდე წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრა ორი სესიად იყო დაყოფილი, პირველი სესია დაეთმო დისკუსიას მიგრანტების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკაზე, ასევე საქართველოში უკრაინის მოქალაქეების საჭიროებებზე. მეორე სესიაზე კი მიმოხილული იყო რასობრივი დისკრიმინაციის საკითხი საქართველოში.

TDI-ს სტრატეგიული სამართალწარმოების და ადვოკატირების მიმართულების ხელმძღვანელმა, მარიამ ღავთაძემ მიმოიხილა შეხვედრის თემატიკა და სპეციალური ანგარიშის ძირითადი საკითხები. მან აღნიშნა: „2022 წელს საქართველოში უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომია, რამაც ამ ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი რუსეთის ფედერაციიდან, საქართველოს მიმართულებით მიგრანტების ნაკადის ზრდა გამოიწვია. ანგარიშში აღწერილია უკრაინელი ლტოლვილების უფლებრივი მდგომარეობა და საჭიროებები, რაც განსაკუთრებით აქტუალურია. TDI-ს პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მიგრანტების, განსაკუთრებით აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა, რომლებიც კვლავ საუბრობენ მათდამი განსხვავებულ მოპყრობაზე საჯარო თუ კერძო ურთიერთობებში. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია და კვლავ გამოწვევად რჩება ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლებისათვის ბინადრობის ნებართვის მიცემაზე უარის თქმის დაუსაბუთებელი პრაქტიკა.“

TDI-ის დირექტორმა, ეკა ჭითანავამ მიმოიხილა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების საჭიროებები, რომლებიც მოიცავს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას, დასაქმებას, საცხოვრისით უზრუნველყოფას, განათლების ხელმისაწვდომობას, და საგანმანათლებლო სივრცეში უკრაინელი ბავშვების ინტეგრაციას.

Ჩართულობისა და განვითარების ცენტრში უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტის კოორდინატორმა, ეკატერინე მეგრელიშვილმა საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობის არაერთ ასპექტზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად უკრაინელთა დასახმარებლად სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებებისა, ხელისუფლებას არ აქვს ერთიანი სტრატეგია ლტოლვილთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მან ასევე ისაუბრა უკრაინელი ლტოლვილებისთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ხარვეზებზე, რომლებიც გაუმართლებლად უზღუდავს მათ სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობას.

შეხვედრის მეორე ნაწილში, რომელიც რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემასა და მიგრანტების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას დაეთმო, ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ თავმჯდომარემ, დარპან პრაშერმა და დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიის წარმომადგენელმა დამი ოდეტაიომ ისაუბრეს ინდოეთისა და ნიგერიის მოქალაქეების წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

TDI-ის იურისტებმა, საბა სუთიძემ და შოთა თუთბერიძემ ისაუბრეს რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებზე - საზღვრის კვეთასთან, ბინადრობის ნებართვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მიგრანტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება ხშირად არაეფექტურია. ხელისუფლების მხრიდან შექმნილი არაერთი ბარიერის გამო, მიგრანტებს სულ უფრო ნაკლები ნდობა აქვთ პოლიციისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რაც მათ უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო მძიმეს ხდის.

შეხვედრამ უზრუნველყო საჭირო სივრცე საქართველოში უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის, უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებებისა და რასობრივი დისკრიმინაციის საკითხის განსახილველად. შეხვედრისას დისკუსია და მიგნებები ხელს შეუწყობს ამ გამოწვევების დაძლევას და ქვეყანაში ინკლუზიურობასა და ტოლერანტობას.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები