2023 წლის 10 ივლისს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარება მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარების ზრდის მეშვეობით - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტების გუნდებს შორის გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესის დასკვნითი ზეპირი შეხვედრა. შეხვედრა ჩატარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაში. საქმის შემფასებლები იყვნენ იურისტები - მალხაზ ბეგიაშვილი, მარინა მარინაშვილი, სალომე კობერიძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - ეკატერინე გასიტაშვილი.
კონკურსის დასაწყისში, იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა რვა გუნდმა, ხოლო ფინალურ ეტაპზე გადავიდა სამი გუნდი. აღსანიშნავია, რომ იმიტირებული პროცესის მონაწილე გუნდებს უნდა დაეკმაყოფილებინათ წერილობითი კომპონენტის მოთხოვნები - სარჩელისა და შესაგებლის წარდგენის თვალსაზრისით. იმიტირებული პროცესის კონკურსის მონაწილეებმა, აკადემიური პოსტერებისა და ესსეების კონკურსის მონაწილეებთან ერთად, გაიარეს ექვსი საინფორმაციო შეხვედრა, რა დროსაც სამართლის ექსპერტებმა მათ გაუზიარეს ინფორმაცია სასამართლო პროცესზე გამოსვლის, საქმის კაზუსის თეორიული და პრაქტიკული საკითხების და აკადემიური წერის სტანდარტების შესახებ.
იმიტირებული სასამართლო პროცესის გახსნას ესწრებოდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე - ნილ ვაინსტაინი. მან ხაზი გაუსვა პროგრამის მხარდაჭერას უნივერსიტეტების ინიციატივის მიმართ გადასცეს იურისტის პრაქტიკული უნარები სტუდენტებს. დამატებით, მან აღნიშნა რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობა პროექტის განხორციელების პროცესში, რადგან ეს შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ცოდნის გაცვლა უნივერსიტეტებს შორის და აძლიერებს სტუდენტების სწავლებასა და ლექტორების კვალიფიკაციას.
პროცესის დასრულების შემდეგ, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. იმიტირებულ სასამართლო პროცესში პირველი ადგილი დაიკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა. მეორე ადგილზე გავიდა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. საუკეთესო სარჩელის ავტორად დასახელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. საუკეთესო შესაგებლის ავტორად კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი.
ჯილდოები, ასევე, გადაეცათ ესსეების კონკურსისა და აკადემიური პოსტერების კონკურსის მონაწილეებს. ესსეებისა და აკადემიური პოსტერების კონკურსი გამოცხადდა 2022 წლის ნოემბერში და გაგრძელდა 2023 წლის აპრილის ჩათვლით. დაახლოებით 35 სტუდენტი დარეგისტრირდა აღნიშნულ კონკურსებში.
მარიამ მამნიაშვილმა, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, აიღო პირველი ადგილი ესსეების კონკურსში. მისი ესსეს სახელწოდება იყო - სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და მისი ფარგლების განსაზღვრა სახელშეკრულებო სამართლის მიხედვით. მეორე ადგილი დაიკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ბადრი ხატიძემ (მისი ესსეს სახელწოდება იყო - სასამსახურო ხელშეკრულების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები). კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდმა - ელივა მოსუევასა და რამიდა სარიევას მონაწილეობით, რომელთა ესსეს სახელწოდება იყო - უსაფუძვლო გამდიდრება, როგორც სამოქალაქო კოდექსის ფუნდამენტი. მარიამ მამნიაშვილმა, ასევე, დაიკავა პირველი ადგილი აკადემიური პოსტერების კონკურსში. მან განავითარა აკადემიური პოსტერი თემაზე სახელწოდებით - სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და მისი ფარგლების განსაზღვრა სახელშეკრულებო სამართლის მიხედვით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, პროექტის გუნდი გეგმავს ახალი კონკურსების გამოცხადებას ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.