Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 ივლ 2023

ქართველი მოსამართლეები ღირებულ გამოცდილებას იძენენ აშშ-ს სასამართლოებში მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემას მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის და ქართველი მოსამართლეებისთვის აშშ-ს სასამართლოების საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის შესაძლებლობით. ეს ძალისხმევა აძლიერებს  სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავების ცალკეული მოსამართლეების პროფესიულ შესაძლებლობებს საქართველოში, რაც მათ საშუალებას აძლევს ნაყოფიერად და ეფექტურად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.  

ამ ინიციატივის ფარგლებში სამი სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განმხილველი მოსამართლე მივლინებულ იყო აშშ-ს სხვადასხვა სასამართლოში ორი კვირით. ისინი მუშაობდნენ ამერიკელ კოლეგებთან და აკვირდებოდნენ სასამართლო პროცესებს. მივლინებები, რომლებიც ივნისში განხორციელდა, ორიენტირებული იყო თითოეული მოსამართლის ინტერესის სფეროზე, რასაც პროგრამის ფარგლებში ხელი შეუწყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პარტნიორმა ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივამ.

ნინო გერგაული, პირველი ინსტანციის მოსამართლე გორის რაიონული სასამართლოდან, მივლინების ფარგლებში ფოკუსირებულ იყო ბავშვთა უფლებებისა და საოჯახო სამართლის საკითხებზე და განთავსებულ იმყოფებოდა ლეინის საგრაფოს საოლქო სასამართლოში (ქ. იუჯინი, ორეგონის შტატი). იგი 30-ზე მეტ სასამართლო სხდომას დაესწრო ისეთ საქმეებზე, როგორიცაა: შემაკავებელი და დამცავი ორდერები, არასრულწლოვანთა მონაწილეობით გამართული სხდომები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ოჯახური ძალადობა, საპროცესო შეთანხმებები და ბავშვის ნახვისათვის განკუთვნილი დღეების განსაზღვრის საქმეები.

მოსამართლე გერგაულმა ხაზი გაუსვა ამერიკელი მოსამართლეებისა და მათი თანამშრომლების კეთილგანწყობას, რომლებიც ქართველ მოსამართლეს ენთუზიაზმით უზიარებდნენ ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ. მან ასევე შეაქო ამერიკელი მოსამართლეები საქმეების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დეტალური ახსნა-განმარტებისთვის და უკიდურესად რთულ ვითარებაში სასამართლო დარბაზებში წესრიგის კონტროლისთვის.

„დამსწრეები და საქმეში მონაწილე მხარეები ემორჩილებოდნენ მოსამართლის მითითებებს და ამავდროულად სასამართლო პროცესის დროს დამახასიათებელ ბუნებრივ ემოციებსაც გამოხატავდნენ. ნებისმიერ გადაჭარბებულ ან შეუსაბამო ქცევაზე მოსამართლეებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. მომეწონა წარმომადგენლების, პროკურორებისა და ადვოკატების საქმიანი, ეთიკური და თავაზიანი ქცევა ერთმანეთისა და სასამართლოს მიმართ. მოქალაქეებს ნებას რთავდნენ თავიანთი ჩვილებიც კი მიეყვანათ სასამართლო დარბაზში, ვინაიდან პროცესზე საზოგადოების დასწრება დიდად ფასობს, თუნდაც ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე, როგორიცაა სექსუალური ძალადობა. მიღებული იყო ზომები სასამართლო დარბაზში საუბრებისა და კომუნიკაციების კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად“. - განაცხადა მოსამართლე გერგაულმა.

მან მივლინების განმავლობაში ამერიკული სასამართლო სისტემის რამდენიმე ისეთი თავისებურება აღმოაჩნა, რომლის დანერგვაც საქართველოში მისი აზრით მისაღები იქნებოდა. ხაზი გაუსვა საქმეების გამარტივებული პროცედურების გზით გადაწყვეტის ეფექტურობას, სადაც საქმეების უმეტესობა წყდება ერთი სასამართლო სხდომის ფარგლებში.

მოსამართლე გერგაულმა ასევე ხაზი გაუსვა სასამართლო პროცესებში ბავშვების ჩართულობის მინიმუმამდე შემცირებას, გარდა აუცილებლი შემთხვევებისა. მან აღნიშნა, რომ სასამართლო იყენებს “მეურვეობის შემფასებელს,” რომელიც ამზადებს ყოვლისმომცველ ანგარიშს, რაც მოსამართლეს საქმის ირგვლივ კრიტიკულ ინფორმაციას აწვდის.

მივლინების დროს, ბესარიონ ტაბაღუას, თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის მოსამართლეს, საშუალება ჰქონდა ყოველდღიურად დაკვირვებოდა ხუთ-ექვს სასამართლო სხდომას ჰენეპინის საგრაფოს საოლქო სასამართლოში (ქ. მინეაპოლისი, მინესოტას შტატი). „ეს შესაძლებლობა ღირებული გამოცდილებისა და ცოდნის მიღების საშუალებაა, რომელსაც წარმატებით გამოვიყენებ ჩემს პროფესიულ და აკადემიურ საქმიანობაში,“ - აღნიშნა მან.

მოსამართლე ტაბაღუა ასევე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სამართლებრივი სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ქართული სისტემისგან, განსაკუთრებით სამოქალაქო სამართლის სფეროში, ქართულ სისტემას მაინც შეუძლია აშშ-სგან სასარგებლო პრაქტიკა გაიზიაროს. მან ხაზი გაუსვა არასრულწლოვანთა უფლებების მომწესრიგებელი ინსტიტუტების ერთ შენობაში გაერთიანების ამერიკული პრაქტიკის უპირატესობებს და მონაწილე მხარეების მიერ ჩვენების მიცემის წინასწარი ფიცის ცერემონიის მნიშვნელობას, რამაც შეიძლება აამაღლოს მონაწილე პირების ვალდებულების გრძნობა.

„ასევე, ვესტუმრე მინესოტას სამართლის სკოლას, სადაც დავესწარი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ ჩატარებულ სამეცნიერო ნაშრომების მიმოხილვას. გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღე ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიაში, რამაც ჩემში დადებითი ემოციები გამოიწვია და თავი იქაურობის სრულფასოვან წევრად მაგრძობინა.“ - განაცხადა მოსამართლე ტაბაღუამ.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს პირველი ინსტანციის მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი მივლინებაში მონტგომერის საგრაფოს საოლქო სასამართლოში, როკვილში, მერილენდის შტატში იმყოფებოდა. იგი 20-ზე მეტ პროცესს დაესწრო, რომლებიც ძირითადად არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებს, ბავშვის მეურვეობის დადგენისა და დამცავი ორდერების დამტკიცებას ეხებოდა.

მოსამართლე ნიპარიშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკის სასამართლო სისტემაში საქმეების გადაწყვეტის მარტივ და ეფექტურ პროცედურებს. მან აღნიშნა, რომ სხდომების უმეტესობა ერთი მოსმენით დასრულდა, რაც ეფექტურობის მაღალი ხარისხის გარანტიაა. მან დააფიქსირა ბავშვების მინიმალური ჩართულობა სასამართლო პროცესებში, გამონაკლის შემთხვევებში იურისტებისა და ფსიქოლოგების დასკვნებზე დაყრდნობით, რამაც ხელი შეუწყო საქმეების დაჩქარებულ გადაწყვეტას.

მოსამართლე ნიპარიშვილმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით მოსამართლეები პარალელური მართლმსაჯულების ინსტრუმენტებს იყენებდნენ. მან ასევე ხაზი გაუსვა მხარეების გაფრთხილების მნიშვნელობას ოჯახური დავის დროს ცრუ ინფორმაციის მიწოდების შედეგების შესახებ.

რაც შეეხება სასამართლო სხდომებზე საზოგადოებისა და მოსამართლეების დამოკიდებულებას, მოსამართლე ნიპარიშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკელი მოსამართლეების მხრიდან მხარეებისადმი პატივისცემით მოპყრობას და სასამართლო დარბაზში დამსწრეების მხრიდან გამოვლენილ ურთიერთპატივისცემას. მისი თქმით, სასამართლო სხდომებზე საზოგადოების დასწრება მისასალმებელი იყო, ამასთანავე, დამსწრეებს სხდომის დარბაზში შესვლა და დარბაზის დატოვება სასამართლო სხდომის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლოთ. 

აღნიშნული ვიზიტების ფარგლებში, დაკვირვებებისა და მიღებული გაკვეთილების საფუძველზე გამოტანილი დასკვნების შესაბამისად, მსგავსი შესაძლებლობები გააძლიერებს საქართველოს სასამართლო სისტემას და გააუმჯობესებს საქმეების გადაწყვეტის ეფექტურობას. საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა და ურთიერთობების დამყარება ამერიკელ და ქართველ მოსამართლეებს შორის ასევე, ხელს უწყობს კოლაბორაციული მიდგომების შემუშავებას სამართლის უზენაესობის განსამტკიცებლად.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები