USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, იურიდიული განათლების ხელშეწყობით და საუნივერსიტეტო პროგრამების გაძლიერებით, საშუალებას აძლევს სტუდენტებს, საუნივერსიტეტო სივრცეშივე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გამოიმუშაონ ის უნარ-ჩვევები, რაც უმნიშვნელოვანესია მათი პროფესიაში შესვლისთვის.
ხატია ცეცხლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი და ადამიანის უფლებათა კლინიკის აქტიური წევრია. USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ხატია ახლახანს დაბრუნდა ჟენევიდან, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის (CERD) 108-ე სესიას ესწრებოდა. სესიაზე ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკამ წარადგინა - საქართველოში ეთნიკურად აზერბაიჯანელი პირების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ანგარიში, რომლითაც კომიტეტს შესაძლებლობა მიეცა რეალურად გამოეკვლია სახელმწიფო ენის სწავლების, ეთნიკური კუთვნილებისთვის დამახასიათებელი ისტორიული გვარის დაბრუნების, პოლიტიკურ მონაწილეობაზე ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, სკოლამდელი, დაწყებითი და საშუალო განათლების არათანაბარი ხელმისაწვდომობის თუ განათლებასთან დაკავშირებული სხვა დისკრიმინაციული საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში ხატიას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, დასწრებოდა ბოცვანასა და იამაიკას ქვეყნების განხილვას, არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგს, ფორმალურ და არაფორმალურ შეხვედრებს, სადაც კომიტეტმა ალტერნატიული ანგარიში მოისმინა საქართველოსთან დაკავშირებით. ამ შეხვედრის წყალობითაც, ექსპერტებს დამატებით მიეწოდათ ინფორმაცია პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. დამატებით, დაზუსტდა კითხვები, რომლებიც კომიტეტის წევრებისათვის მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.
„საოცრად საინტერესო იყო პროცესის შიგნიდან დაკვირვება, იმის გაანალიზება და დანახვა, თუ როგორ ფუნქციონირებს რეალურად გაეროს კონკრეტული კომიტეტი. რა ინტერვენცია და მნიშველობა აქვს ამ ყველაფერში თითოეულ აქტორსა თუ ფაქტორს. ასევე, თუ როგორ მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული ანგარიში/მოხსენება მიმდინარე პროცესებზე და კომიტეტის წევრთა ქცევაზე. ეს გამოცდილება, როგორც ჩემთვის, ასევე, ადამაინის უფლებებით დაინტერესებული ნებისმიერი იურისტისათვის უნიკალურია, რადგანაც იგი შესაძლებლობას გვაძლევს პრაქტიკაში ნახო, თუ როგორ ფუნქციონირებს აღნიშნული მექანიზმი და რეკომენდაციის ფორმულირებაში შენი პატარა წვლილიც კი შეიტანო. აღნიშნული ცოდნა კი სამომავლოდ, სხვა პირთა უფლებების დასაცავად გამოიყენო.“ ამბობს ხატია.
„არაოფიციალურ შეხვედრაზე გავიცანი ქალბატონი გეი მაკდუგალი, CERD-ის წევრი. ასევე, ქალბატონი ელენა აპარაკი, რომელიც WORKING GROUP ON MERCENARIES-ის დამოუკიდებელი ექსპერტია. მათ გაგვიზიარეს, როგორც პიროვნული, ასევე კარიერული გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე მუშაობასთან თუ გარკვეულ საკითხებზე პიროვნულ შეხედულებებთან დაკავშირებით.“ - დასძინა ხატიამ.