2022 წლის 30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო უწყების მხრიდან დისკრიმინაცია დაადგინა ყოფილი პატიმრის საქმეში, რომელიც ვეგანია. საქმეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა. მოსამართლე დავით წერეთელმა მოპასუხეებს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5,000 ლარის გადახდა დააკისრა.
საქმეში საია იცავდა ყოფილი პატიმრის უფლებებს, რომელსაც პენიტენციურმა დაწესებულებამ 2019 წელს უარი უთხრა ვეგანური საკვების მიწოდებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ იღებდა არავეგანურ საკვებს. პატიმარი იძულებული იყო, ადმინისტრაციის შემოთავაზებული საკვებიდან აერჩია მხოლოდ ის მცირე ნაწილი, რაც თავსებადი იყო მის მსოფლმხედველობასთან და კვებით შეზღუდვებთან და, შესაბამისად, ვერ იღებდა ჯანმრთელობისათვის საკმარის საკვებ ნივთიერებებს. მოსარჩელე დავობდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში იგი იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი, არავეგანური საკვების მიუღებლობისა და მისი მსოფლმხედველობის, ვეგანობის ნიშნით.
ეს წარმატებული საქმე არა მხოლოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენას უზრუნველყოფს, არამედ ასევე გახდება პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი. ეს არის პირველი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.