2022 წლის 14 აპრილს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება დააკისრა ფემიციდის პრეცედენტულ საქმეში, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა. სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის მიერ დახმარების თხოვნით არაერთგზის მიმართვის მიუხედავად სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არასათანადო რეაგირებამ გამოიწვია მისი თვითმკვლელობა.
ქალი მეუღლის (შემდგომ - ყოფილი მეუღლის) მხრიდან სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და 16-ჯერ ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუმცა საკმარისი მხარდაჭერა არ მიუღია. 2017 წლის თებერვალში იგი გარდაცვლილი იპოვეს და ყოფილი მეუღლე პასუხისგებაში მისცეს თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო (თუმცა, უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე საბოლოდ ოჯახში ძალადობად გადააკვალიფიცირა).
საიამ გარდაცვლილი პირის დედის სახელით მიმართა სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა. საიამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე გენერალური პროკურატურა მიიჩნია პასუხისმგებლად ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან პროკურატურამ სათანადოდ არ შეაფასა მსხვერპლის არაერთი მიმართვა, მოძალადის ქმედებები და არ მიიღო სათანადო ზომები მოძალადის პასუხისმგებლობის დროულად დასაყენებლად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც საჩივრები დაუშვებლად ცნო, შესაბამისად ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ როგორც ფემიციდის სხვა ფორმების შემთხვევაში, თვითმკვლელობამდე მიყვანის დროსაც სახელმწიფო ორგანოებს უნდა ეკისრებოდეთ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, როცა მათ იცოდნენ, ან უნდა სცოდნოდათ, მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი და არ დაიცვეს იგი მათ ხელთ არსებული საშუალებებით.
საქმე პრეცედენტულია საქართველოსთვის, რამდენადაც ზიანის საკითხი სასამართლომ თვითმკვლელობამდე მიყვანის თავიდან აცილების კონტექსტში პირველად განიხილა. წარსულში საიამ ზიანის საქმეები განზრახ მკვლელობის, როგორც ფემიციდის ფორმის, შესახებ აწარმოა.
საია აგრძელებს საქმის წარმოებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR), ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევაზე. მიუხედავად ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებული პროგრესული გადაწყვეტილებისა, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მორალური ზიანის ანაზღაურება არ არის საკმარისი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევისთვის და დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ.