მხარდაჭერით, ექვსი თვის განმავლობაში გადიოდნენ სტაჟირებას და ეხმარებოდნენ სახალხო დამცველის სტრატეგიული სამართალწარმოების გუნდს კონსტიტუციური სარჩელების მომზადებაში.
„ადამიანის უფლებები და კონსტიტუციური მართლმსაჯულება ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესო სამართლის დარგს წარმოადგენდა. როგორც კი საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში სტაჟირების შესახებ შევიტყვე, არც კი მიფიქრია, მაშინვე შევავსე განაცხადი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მომიწევდა ადამიანის უფლებების მხრივ ქვეყანაში არსებულ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე მუშაობა, თანაც მივიღებდი რჩევებს დარგის საუკეთესო სპეციალისტებისგან, განვვითარდებოდი პროფესიულად და ამასთან, ჩემს წვლილს შევიტანდი საქართველოს კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობაში.“ - ამბობს ლუკა გოგუა.
ლუკა აღწერს, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სარჩელი, რაზეც მან იმუშავა სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებულ პაციენტთა უფლებებს შეეხებოდა. „საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველი ასაჩივრებდა დაწესებულებებში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ გამოწვევას, რასაც ნებაყოფლობით მოთავსებული პაციენტებისადმი იძულებითი მკურნალობის მანკიერი პრაქტიკა ჰქვია.“ მისთვის არანაკლებ აქტუალური თემა იყო „სახალხო დამცველის მიერ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მასალებზე წვდომის შეზღუდვა.“ ლუკა იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე, მის მიერ მომზადებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახალხო დამცველს ექნება დამატებითი შესაძლებლობა, გააკონტროლოს საგამოძიებო ორგანოთა და პროკურატურის საქმიანობის კანონიერება, დაეხმაროს და უბიძგოს ამ ორგანოებს, უკეთ და უფრო სწრაფად აღასრულონ მართლმსაჯულება.
ლუკა ნიშნიანიძე ხაზს უსვამს რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელზეც კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. „კანონი მათ სოციალური პაკეტისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ერთობლივად მიღების საშუალებას უზღუდავდა მაშინაც კი, როდესაც სოციალური დახმარების ამ ორი სახის მიღების საფუძვლები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობდა.“ - განმარტავს ის.
„საინტერესო იყო, აგრეთვე, არგუმენტაციის შემუშავებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიების პროცესი საქმეებზე, რომელთაგანაც ერთი უკავშირდებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის მინიჭებაზე პირისათვის უარის თქმის გასაჩივრებას, ხოლო მეორე - სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს შემადგენლობაში მყოფი პირებისათვის შეკრების უფლების შეზღუდვას.“ ამბობს ლუკა ნიშნიანიძე და დასძენს, რომ ზემოხსენებული საქმეები არა მხოლოდ უშუალოდ მათი სუბიექტებისათვის, არამედ, ზოგადად, სამართლებრივი და სოციალური პრაქტიკის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.
სტრატეგიული სამართალწარმოების გზით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნის შესაბამისად, პროგრამამ მხარი დაუჭირა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის განხორციელებას სახალხო დამცველის აპარატის სტრატეგიულ სამართალწარმოების სამმართველოში.