Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
03 დეკ 2023

PHR-ის სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგად სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფასო სპეციალიზებული სტომატოლოგიური მომსახურება უზრუნველყო

ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სამართალწარმოებამ სახელმწიფოს უბიძგა შეექმნა ახალი სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ქცევითი გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დაუყოვნებლივ უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ანესთეზიით. PHR საქმეს USAID სამართლის უზენაესობის და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში პროგრამების მხარდაჭერით აწარმოებდა.

2021 წლის მარტში, PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალური მოსარჩელის სტატუსით მიმართა და მოითხოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გადაუდებელი სერვისების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობა. PHR მოითხოვდა მექანიზმის შექმნას, რომელიც დაუყონებლივ, 30-დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებდა ყველა შემთხვევას, როდესაც ქცევითი გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებს ზოგადი ანესთეზიის ე.წ. "ნარკოზით" სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა სჭირდებოდათ. PHR თვლიდა, რომ სტომატოლოგიური ჩივილით გამოწვეული ტკივილი, რომელსაც განიცდიდნენ შშმ პირები, მათ შორის ბავშვები, უტოლდებოდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. სამი დღის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა დროებითი განჩინება PHR-ის სასარგებლოდ და დაავალა მთავრობას ჩამოეყალიბებინა მექანიზმი, რომელიც დაუყოვნებლივ დააფინანსებდა ყველა შემთხვევას, როდესაც ქცევითი პრობლემების ან კომუნიკაციის სირთულეების მქონე შშმ პირები საჭიროებდნენ სტომატოლოგიურ პროცედურებს ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.

სანამ PHR სამართალწარმოებას დაიწყებდა, ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ყოველგვარი რესურსის გარეშე იყვნენ დარჩენილნი სტომატოლოგიური სერვისით სარგებლობის საჭიროების დადგომისას. ბევრი მათგანი კომუნიკაციის სირთულის გამო ვერ ახერხებს კბილის დაზიანების შესახებ დროულად შეტყობინებას, რის გამოც მკურნალობის დაწყება ხდება მაშინ, როდესაც ტკივილი უკვე გაუსაძლისია. ისინი ვერ სარგებლობენ სტანდარტული სტომატოლოგიური მომსახურებით, რადგანაც რთულია მათი გაჩერება სტომატოლოგიურ სავარძელში და სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარება. ერთადერთ საშუალება იყო სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა ზოგადი ანესთეზიით, რაც დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. შშმ პირები, რომლებიც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ, ვერ ახერხებდნენ მსგავსი მომსახურების თავად დაფინანსებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაზღვევა არ ფარავდა ამ მომსახურებას და არ არსებობდა კონკრეტულად ამ პრობლემისადმი მიმართული რაიმე პროგრამა. ერთადერთი შესაძლებლობა იყო რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამისადმი მიმართვა, რა დროსაც 30 დღის განმავლობაში უწევდათ მოცდა და რომელიც ყველა შემთხვევას არ აფინანსებდა.

დროებითი განჩინების შემდეგ, PHR-მა გააგრძელა სამართალწარმოება შშმ პირთა სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდების სპეციალური მექანიზმის შექმნის შესახებ. 2023 წლის მარტში, სახელმწიფომ შექმნა ახალი სერვისი და შესაბამისად, სასამართლო წარმოება წარმატებით დასრულდა. ახლადშექმნილი სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, პროგრამით მოსარგებლეები არიან სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებული ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე, როგორც შშმ სტატუსის, ასევე ამ სტატუსის არმქონე ბავშვები და სრულწლოვნები, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება უფასოდ, ყოველგვარი მოცდის გარეშე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერვისის მიმწოდებლად ორი კლინიკა არის რეგისტრირებული თბილისსა და ბათუმში.

ერთ-ერთი ბავშვის დედის, თინა პარკაძის თქმით: "პირველი რაც ამ სასამართლო გადაწყვეტილებით შეიცვალა, ჩემს შვილს და ყველა სხვა შშმ პირს აღარ უწევს კბილის ტკივილის მოთმენა. მეორე და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მშობელმა ამოისუნთქა, რადგან ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურება დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული. ხან სესხის აღება უწევდათ მშობლებს, ზოგჯერ ნივთების გაყიდვაც. ახლა კი აღარ ვფიქრობ ფულის მოძიებაზე. ზოგადად, ფიქრი იმაზე, რომ შენი შვილი ტკივილს ითმენს და მშობელს ექიმთან წასაყვანი ფული არ გაქვს, ძალიან მძიმეა. "

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტში დროებითი განჩინებით საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მექანიზმის შექმნა, რაც სახელმწიფოს დაუყონებლივ უნდა აღესრულებინა, მექანიზმის შექმნას  წელიწადზე მეტი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში რ.ყ-მ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, ორჯერ მიმართა სამინისტროს ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების მოთხოვნით, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის შესახებაც 11 თვის დაგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება. ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა, კბილი რომელიც დასაბჟენი იყო, საჭირო გახდა ექსტრაქცია. დედას მოუხდა თანხის სესხება რათა ბავშვს სტომატოლოგიური მომსახურება მიეღო.

2022 წლის 30 ნოემბერს ბავშვმა PHR-ის დახმარებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დროებითი განჩინების აღუსრულებლობით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. 2023 წლის 7 ნოემბერს სასამართლომ რ.ყ-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლოს შეფასებით წელიწადზე მეტი დრო განჩინების აღსასრულებლად იყო არა გონივრული, რაც ჯანდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მხრიდან დარღვევად შეაფასა. შესაბამისად, მათ დაავალა ბავშვისთვის სტომატოლოგიური მომსახურების საფასურის გადახდა. ამასთან, მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა ბავშვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც გამოიხატებოდა ხანგრძლივად მომსახურების ვერ მიღებაში, რის გამოც ბავშვს უწევდა კბილის აუტანელი ტკივილის გაძლება. საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ რ.ყ-ს ჯამში 7130 ლარი უნდა გადაუხადონ.  

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აგრძელებს PHR-ის და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას საქართველოში მოწყვლადი მოქალაქეებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

img

უახლესი წარმატების ისტორიები

გაიგე მეტი
img
27 ივნ 2024

PHR-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო

PHR საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
24 მაი 2024

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი ბავშვების დაცვა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საქმეს USAID კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამების მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
20 თებ 2024

სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურში: იურიდიულ განათლებაში თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა

სტაჟირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დამწყები იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს აკადემიურ თეორიასა და რეალურ სამყაროს აღქმას შორის.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები