შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საპატრულო პოლიციამ 10 000 ლარი უნდა გადაუხადონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს (შშმ) - დავით ხუხუას, რომლის მიმართაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა.
2022 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანანა ჩოხელმა, მოსამართლე ხატია არდაზიშვილის და ნინო ყანჩაველის კოლეგიის შემადგენლობით ნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და შშმ პირის დარღვეული უფლებები აღადგინა.
„გადაადგილებისთვის ეტლს ვიყენებ, რომელსაც მანქანით მგზავრობის დროს საბარგულში ვინახავ. მეგობრებთან ერთად, ქუთაისის მიმართულებით მივდიოდი როცა მანქანის გაუმართაობის გამო გაჩერება მომიწია. ამ დროს საპატრულო პოლიციაც მომიახლოვდა. დაყოვნება რამდენიმე საათი გაგრძელდა. სამწუხაროდ მთელი ამ დროის განმავლობაში პატრულ-ინსპექტორებს ვთხოვდი ეტლის საბარგულიდან გადმოტანაში დახმარებას, რადგან ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მესაჭიროებოდა. ჩემმა მეგობრებმაც ბევრჯერ სცადეს ეტლის საბარგულიდან გადმოღება, თუმცა, ამის საშუალება მათ პატრულ-ინსპექტორებმა არ მისცეს.“ - ყვება დავით ხუხუა.
„მომიწია შარდის შეკავება, დამეწყო ძლიერი სპაზმი და ტკივილი. საბოლოოდ, კი იძულებული გავხდი მანქანაში მომეშარდა - საჯარო სივრცეში, სხვების თანდასწრებით.“
დავით ხუხუას ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით იცავდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მომხდარმა ფაქტმა გამოიწვია - დავით ხუხუას ღირსების შელახვა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 19 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნულ საქმეში დარღვევა ვერ დაადგინა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეებს დაეკისრათ დავით ზუზუასთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
PHR-ის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასახავს საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციით და შშმ პირთა გაეროს კონვენციით გარანტირებულ უფლებებსა და ღირებულებებს. „ეს გადაწყვეტილება იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ღირსებას და ამავე დროს, იგი პრევენციული ღონისძიებაა, რათა მომავალში აღარ მოხდეს შშმ პირების მიმართ ღირსების შემლახველი და დისკრიმინაციული მოპყრობა სამართალდამცავების მხრიდან.“