სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იცავს სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს და პოლიტიკურ გამოხატვას საჯარო სამსახურში.
2023 წლის 2 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე) ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, ბეგლარ ცინცაძე თანამდებობაზე აღადგინა.
სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე იძულებითი დაგვიანებისთვის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლოში ბეგლარს ISFED- ი წარმოადგენდა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.
„2021 წლის 18 თებერვალს დავინიშნე ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად, 10 თვიანი ვადით. ჩემს მოვალეობებს გულმოდგინედ ვასრულებდი და დისციპლინური პასუხისმგებლობის წინაშე არასოდეს ვმდგარვარ. თუმცა, 2022 წლის 10 იანვარს აღმოვაჩინე, რომ სხვა თანამშრომლებს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და მე არა. გაფრთხილების გარეშე გამათავისუფლეს, კონტრაქტის ვადის ამოწურვის მიზეზით“. – ამბობს ბეგლარ ცინცაძე.
ISFED ამტკიცებდა, რომ შეზღუდული ვადით ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი არ არსებობდა (ათი თვის შემდეგ თანამდებობის გაუქმება არ იყო დაგეგმილი და არც სამუშაო იყო დასრულებული), ამიტომ უნდა არსებულიყო შრომით ხელშეკრულების მუდმივობის პრეზუმფცია. ამიტომ, სასამართლო პრაქტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულება განიხილებოდა მუდმივმოქმედად და დამსაქმებელს არ ჰქონდა უფლება, ხელშეკრულების ვადის გასვლა გამოეყენებინა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად.
ცინცაძე მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური საქმიანობის გამო გაათავისუფლეს. 2021 წლის ოქტომბერში ის იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ის გასცდა გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს და გაითვალისწინა შრომითი ურთიერთობის ხასიათი. ეს გადაწყვეტილება დაარწმუნებს საჯარო მოხელეებს, რომ შეზღუდული ვადით კონტრაქტები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მათი პოლიტიკური შეხედულებების გასაკონტროლებლად ან პოლიტიკური აქტივობის გამო დასასჯელად, რომელიც არ ეწინააღმდეგება მათ საქმიანობას.