„ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რათა მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვმა არ განიცადოს ის, რაც მე გამოვიარე. ვფიქრობ, მათაც უნდა აიმაღლონ ხმა, თუ ვინმეს უსამართლოდ ექცევიან, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ – ამბობს 19 წლის ნინი.
ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 14 თებერვალს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ნინის მიმართ შშმ ნიშნით დისკრიმინაცია. საქმეში ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) იცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის უფლებებს, USAID/PROLoG-ისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.
ნინი 2009 წლიდან თელავის მე-9 საჯარო სკოლაში სწავლობდა. 2015 წლამდე, სანამ ნინი ეტლით დაიწყებდა სიარულს, დედას ხელში აყვანილი დაჰყავდა სკოლაში. 2017 წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სკოლა ახალ შენობაში გადავიდა, რომელიც მისი სახლიდან შორს მდებარეობდა. სკოლამ მოსწავლეებისთვის ტრანსპორტი უზრუნველყო.
სატრანსპორტო სერვისის შერჩევისას, სამინისტრომ და სკოლამ ნინის საჭიროებები არ გაითვალისწინა და ტრანსპორტი მისი ეტლისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა. ნინისთვის ეს ცვლილება რთული აღმოჩნდა, რადგან დედას არ შეეძლო მისი სკოლაში ტარება შესაბამისი ტრანსპორტის გარეშე, რომლის უზრუნველყოფაც თავად არ შეეძლო. 14 წლის ნინიმ და დედამ, სკოლაში დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლა დაიწყეს. ადაპტირებული ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნით ნინის დედა წერილებს სწერდა სკოლას და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ.
2018 წლის გაზაფხულს საქმეში PHR ჩაერთო და მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს ნინის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით. ნინი თავად გამოდიოდა სასამართლო პროცესებზე და აქტიურად იცავდა თავის ინტერესებს. 2021 წლის ნოემბერში თელავის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ სკოლა არ არის ვალდებული, უზრუნველყოს ტრანსპორტი მოსწავლეებისთვის და ტენდერის გამოცხადების დროს ვალდებული არ იყო, გაეთვალისწინებინა ნინის საჭიროება.
PHR-მა გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ნინი ყველა სასამართლო პროცესზე ან უშუალოდ ჩამოდიოდა, დისტანციის მიუხედავად, ან დისტანციურად მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ სკოლა დაამთავრა, ნინის მხოლოდ სახლში სწავლის საშუალება ჰქონდა და სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა ვერ შეძლო. ნინიმ აუხსნა მოსამართლეებს, რას განიცდიდა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის გამო სკოლაში სიარული აღარ შეეძლო. მოსამართლეები ნინის პროცესების განმავლობაში ყურადღებით უსმენდნენ.
2023 წლის 14 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლეები მარიამ ცისკაძე, შოთა გეწაძე და ინგა კვაჭანტირაძე) გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა შშმ ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან. სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნინის პირველი სიტყვები იყო: „დავმუნჯდი, ისეთი ბედნიერი ვარ. ვერ ვსაუბრობ“.