"მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, დამსაქმებელმა უგულებელყო ჩვენი სოციალური მდგომარეობა და გაგვათავისუფლა ისე, რომ არც კი დაფიქრებულა, როგორ გავუმკლავდებოდით ჩვენ და ჩვენი ოჯახები ცხოვრებისეულ სირთულეებს. ზოგიერთი თანამშრომლისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო ამ სამსახურიდან მიღებული ხელფასი იყო", - ამბობს გიორგი*, მზეკარი 13-ის ყოფილი მცხობელი.
გიორგი* მზეკარი 13-ის მიერ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ იმ ორმოც ადამიანს შორისაა, რომელთაგან ოცი მზად იყო საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში გაეგრძელებინა ბრძოლა. კომპანიას, რომელიც ტკბილეულის დამზადება-რეალიზებით არის დაკავებული ხელშეკრულების გაფორმების ნაცვლად, თანამშრომლებთან თვიურად საშუალოდ 600 ლარის ოდენობის ანაზღაურების შესახებ ზეპირი შეთანხმება ჰქონდა. კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის დასაფარი დავალიანება 14,000 ლარს სცდებოდა.
ამ მძიმე ვითარებაში, საბანკო ვალდებულებების წინაშე დარჩენილმა ადამიანებმა დახმარებისთვის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას მიმართეს. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პროფკავშირების გაერთიანება მაშინვე ჩაერთო ამ პროცესში.
პროფკავშირების გაერთიანებამ ოცივე თანამშრომლის მიერ ხელმოწერილი გამაფრთხილებელი შეტყობინება გაუგზავნა დამსაქმებელს, რომ ვალის გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, ისინი ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებდნენ. ასევე დაზარალებული თანამშრომლები დამსაქმებელს სახელფასო დავალიანების გარდა, კანონის მიერ დამსაქმებელზე პირგასამტეხლოს დაკისრებასაც მოითხოვდნენ. დამსაქმებელმა გონიერება გამოიჩინა და განცხადების ჩაბარებიდან 2-3 დღეში თითოეულ თანამშრომელს მიუღებელი ხელფასები აუნაზღაურა.
პროფკავშირების გაერთიანება თვლის, რომ დავების გადაწყვეტა მორიგების გზით ყოველთვის მისასალმებელია. თუმცა არის შემთხვევები, როცა დამსაქმებელი პასუხისმგებლობას სრულად გაურბის. ასეთ შემთხვევებში ბრძოლა სასამართლოში გრძელდება და ხშირად დამსაქმებელს იმაზე მეტის გადახდა უწევს, ვიდრე შეთანხმების შემთხვევაში უნდა გადაეხადა.
როგორც პროფკავშირების გაერთიანებებაში აცხადებენ, ხშირია შემთხვევები, როდესაც თანამშრომლები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტის გარეშე, იწყებენ მუშაობას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა თავიდანვე მოითხოვონ წერილობითი ხელშეკრულება, სადაც მითითებული იქნება მათი უფლებები და მოვალეობები, ანაზღაურება და სხვა მნიშვნელოვანი პირობები. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში შეიძლება სადავო იყოს არა მხოლოდ შრომითი უფლებების დარღვევა, არამედ ის ფაქტიც, იყვნენ თუ არა ისინი საერთოდ დასაქმებულები.
***კონფიდენციალურობის დასაცავად რესპოდენტის სახელი შეცვლილია.