2023 წლის 19 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“. საქმე ეხებოდა განმცხადებლების საჩივარს იმის თაობაზე, რომ მათი ახლო ნათესავი, გიგა ოთხოზორია, მოკლულ იქნა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მესაზღვრის მიერ და რომ მკვლელობის ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა.
განმცხადებლები დავობდნენ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევაზე. საქმეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და USAID/PROLoG პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.
სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ვერ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებები, დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) მატერიალური და პროცედურული ნაწილები და განმცხადებლებს ზიანის სახით კომპენსაცია მიანიჭა: 130 000 ევრო მორალური ზიანისათვის, ხოლო 9265,15 ევრო გაწეული ხარჯებისთვის. საქართველოს მთავრობა საქმეში მესამე მხარედ იყო ჩართული და წარადგინა სამართლებრივი პოზიცია მომჩივანთა მხარდასაჭერად.
საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის იანვარში მიმართა. რუსეთის ფედერაციის განცხადებით, აფხაზეთი იყო სუვერენული სახელმწიფო, არ იმყოფებოდა რუსეთის „ეფექტიანი კონტროლის“ ქვეშ და განმცხადებლების ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ და მათი მოთხოვნა რუსეთის ხელისუფლებისთვის ახალი გამოძიების დაწყებაზე დაუსაბუთებული იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმესთან დაკავშირებულ პერიოდში რუსეთს ჰქონდა ეფექტური კონტროლი აფხაზეთზე. შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობა არ შეიძლება შემოიფარგლოს იქ საკუთარი ჯარისკაცების ან ოფიციალური პირების ქმედებებით; პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება ადგილობრივი ადმინისტრაციის ქმედებებზეც, რომელიც აგრძელებდა ფუნქციონირებას რუსეთის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით... იმ დროიდან, როდესაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა „ეფექტიან კონტროლს“ აფხაზეთის ტერიტორიაზე, იგი ასევე პასუხისმგებელი იყო ამ ტერიტორიაზე აფხაზური ძალების ქმედებებზე, ყოველი ამ ქმედების „დეტალური კონტროლის“ მტკიცებულების წარმოდგენის საჭიროების გარეშე“.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ მე-2 მუხლის მატერიალურ ნაწილთან დაკავშირებით განმარტა, რომ გიგა ოთხოზორია მოკლულ იქნა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად და რომ ეს ძალა იყო გადაჭარბებული და არასაჭირო მოცემულ ვითარებაში.
საიას თანახმად, საქმეს გააჩნია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა თუ რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.