ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქმეში ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც თბილისის N8 ციხეში (გლდანის ციხე) 2011-2014 წლების პერიოდში სავარაუდო სისტემურ არასათანადო მოპყრობას და ხელისუფლების მხრიდან აპლიკანტის ბრალდებების არაეფექტიან გამოძიებას ეხება. საქმეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრისა (EHRAC) და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.
მომჩივანი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სასტიკი ცემის (რის გამოც, მას არაერთი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა) და დამატებით სასჯელად - სამარტოო საკანში მოთავსების მსხვერპლი გახდა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა ოფიციალურად მიმართა არასათანადო მოპყრობაზე ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში, საქართველოს ხელისუფლებას ხუთ წელზე მეტი დასჭირდა დამნაშავეების გამოსავლენად და ზოგიერთი მათგანის პასუხისგებაში მისაცემად (მომჩივანმა ციხის თერთმეტი თანამშრომელი დაასახელა, მაგრამ მათგან მხოლოდ შვიდი გასამართლდა). გარდა ამისა, ხელისუფლებას არ გამოუძიებია რამდენიმე სხვა სერიოზული ინციდენტი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი აცხადებდა, რომ არა მხოლოდ შვიდი მსჯავრდებული, არამედ ციხის სხვა უფროსი თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ მის არასათანადო მოპყრობაში, მათი ჩართულობა არ გამოკვლეულა.
სასამართლოს მიხედვით, ციხის შვიდი თანამშრომლის გასამართლების მიუხედავად, პროცედურულად ხარვეზიანი სისხლის სამართლის პროცესის შედეგი არ შეიძლება ჩაითვალოს განმცხადებლისთვის უფლებების საკმარის აღდგენად. სასამართლოს თქმით, „დაგვიანებული მართლმსაჯულება უარყოფილი მართლმსაჯულების ტოლფასია“, რამდენადაც არაგონივრული ვადის განმავლობაში უმოქმედობამ და ხელისუფლების მხრიდან სამართალწარმოების დროს გულმოდგინების ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოძიება არაეფექტური გახადოს.
სასამართლოს თქმით, ადგილობრივი სასამართლოების დასკვნები ცხადჰყოფს, რომ განმცხადებლის არასათანადო მოპყრობა პირდაპირ მიეკუთვნებოდა მოპასუხე სახელმწიფოს და ჩადენილი იყო ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ, როგორც გლდანის ციხის პატიმრების სისტემატური და სისტემური ძალადობის ნაწილი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი სასამართლოების მიერ არასათანადო მოპყრობის შედეგად მიღებული დაზიანებებისთვის მომჩივნისთვის ზიანის ანაზღაურება არ მომხდარა.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული და მატერიალური ნაწილის დარღვევა მომჩივნის არასათანადო მოპყრობის საფუძველზე, რომელთაგან ზოგიერთი ქმედება წამებას უტოლდებოდა და, აგრეთვე, ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიების არარსებობის გამო. სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს მომჩივნისთვის 20,000 ევროს გადახდა დააკისრა.