„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, რამდენად ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი. ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში ბავშვის დაბადების შემდეგ, რადგან ახლა შემიძლია მოვითხოვო ჩემი შვილისთვის საკმარისი ფინანსური დახმარება და ზრუნვა.“ - ამბობს დედა ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ.
უფლებები საქართველოს ძალისხმევით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მართლმსაჯულების კიდევ ერთი პრეცედენტი შეიქმნა, რომლის ბიოლოგიური მამა თავდაპირველად თავს არიდებდა ზრუნვასა და პასუხისმგებლობის აღებას.
საქმე ეხება 5 წლის ბავშვს, რომლის დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელი იყო. ბავშვის ბიოლოგიურმა მამამ პასუხისმგებლობა მხოლოდ მას შემდეგ აიღო, რაც მამობა სასამართლოს მიერ დადგენილ სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, უფლებები საქართველოს სამართალწარმოების შედეგად. იურიდიული დახმარებისთვის ბავშვის დედამ მიმართა ორგანიზაციას, რადგან ფინანსური სირთულეების გამო, საკუთარი ხარჯით ვერ შეძლებდა ჩაეტარებინა საჭირო გამოკვლევები ბავშვის მამობის დასადგენად.
2023 წლის 13 თებერვალს, უფლებები საქართველომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მამობის დადგენის, დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით მიმართა. სამართლებრივმა ბრძოლამ ხაზი გაუსვა ფინანსურ სირთულეებს რომელსაც მარტოხელა დედები აწყდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებითი მტკიცებულებები, როგორიცაა დნმ-ის ტესტი, მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული.
მიუხედავად ფინანსური დაბრკოლებებისა, 2023 წლის 1 მაისს, უფლებები საქართველოს ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რომ ქალის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მამობის დადგენის ექსპერტიზის ხარჯები ბავშვის სავარაუდო მამას დაჰკისრებოდა. მათი ძალისხმევით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია კუთხაშვილი დარწმუნდა, რომ ხარჯების სავარაუდო მამაზე დაკისრება მამობის დადგენისა და ქალის მიერ მართლმსაჯულებაზე წვდომის უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალება იყო. მოსამართლემ დანიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა და მასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა წინასწარ დააკისრა მოპასუხე მხარეს 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით.
ეს მნიშვნელოვანი საქმე ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტის პრეცედენტია. სამწუხაროდ, არაერთ მარტოხელა დედას ეზღუდება მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლება, რადგან მთავარი მტკიცებულების მოპოვება, განსაკუთრებით დნმ-ის დამდგენი ექსპერტიზის ჩატარება, დიდი მოცულობის ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამის გამო, ხშირ შემთხვევებში უარის თქმა უწევთ ამ ტიპის სასარჩელო წარმოებაზე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შესაბამისი დასკვნით დაადასტურა რომ მოპასუხე წარმოადგენს მცირეწლოვანი მოსარჩელის ბიოლოგიურ მამას. დნმ-ის დამდგენი ექსპერტიზის ხარჯები მოპასუხის მიერ იყო დაფარული. 2023 წლის 18 დეკემბერს, მოსამართლე მაია კუთხაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე ცნობილი იქნა ბავშვის ბიოლოგიურ მამად. დადგინდა დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა და ბავშვის მამის გრაფაში მოპასუხის მითითება. ასევე, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილისთვის 300 ლარის ოდენობით (მოთხოვნილი 550 ლარის ნაცვლად) სარჩელის შეტანის მომენტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
უფლებები საქართველოს მიხედვით, ამ საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მარტოხელა დედების მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისთვის, რაც საშუალებას აძლევს სავარაუდო მამის მიერ დნმ-ის დამდგენი ექსპერტიზის ხარჯების წინასწარ გადახდას. ეს არის მაგალითი იმისა, რომ მარტოხელა დედები არ არიან მარტონი სამართლიანობის ძიებაში და ბავშვზე ზრუნვაში, მიუხედავად ეკონომიკური გამოწვევებისა.