Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 დეკ 2022

ქალ ფეხბურთელთა უფლებების აღდგენა

სპორტის შესახებ კანონი და შრომის კოდექსი სპორტსმენთა დამსაქმებლებს ავალდებულებს ფეხბურთელები უზრუნველყონ  საჭიროებებზე დაფუძნებული სამედიცინო დაზღვევით და სრულად აუნაზღაურონ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ტრავმების მკურნალობა. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს (WISG), დაიცვას ქალ ფეხბურთელთა დარღვეული უფლებები.  

„2018 წელს ტრავმა მივიღე და მთელი სეზონი მტკივანი ფეხით მათამაშეს. ერთერთი თამაშის წინ ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეს და ისე შემიშვეს მოედანზე. მეოთხზე წუთზე მუხლი ისევ გადამიბრუნდა და ორი კვირა გასიებული მქონდა. ექიმებთან ჩემი ხარჯით მივედი და აღმოჩნდა, რომ ორივე მენისკი გაგლეჯილი მქონდა, მყესები - დაზიანებული. ოპერაცია მჭირდებოდა. კლუბს ვთხოვე, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის მკურნალობის დაფინანსებაზე მიემართათ. სამინისტრომ საჭირო თანხის ნახევარი ამავე წელს გამოყო, კლუბს კი მეორე ნახევარი უნდა დაეფარა. შემპირდნენ და ერთი წელი მალოდინეს, სანამ სათამაშო სეზონი არ დამთავრდა, მანამდე, მოედანზე გვჭირდებიო.“ გვიყვება ლანა გორგაძე, საქართველოს უმაღლესი ლიგის ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ თავდამსხმელი და გუნდის კაპიტანი.

ლანამ თავისი ამბავი მეგობრებს გაანდო ორგანიზაცია იდენტობა იუსში, რომელთა რჩევით, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად, WISG-ს მიმართეს. „მეგობრებმა აგვიხსნეს, რომ სამუშაო ადგილზე ასეთ მოპყრობას თავისი სახელი ერქვა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შრომის პირობების უსაფრთხოება და ჯანდაცვა.“  - ამბობს ლანა.

WISG-ის დახმარებით ფეხბურთელმა ქალებმა ჯერ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება მოახერხეს, მერე კი, 2020 წლის 16 დეკემბერს, სახალხო დამცველს მიმართეს, რომელმაც, საქმის შესწავლის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის მიმართ რეკომენდაციები გამოსცა. ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოსცა ახალი დებულებები, რომელთა საფუძველზე, 2020 წელს ქალთა ლიგა ლიცენზირებად ლიგებს დაემატა და  2021 წლიდან ამ ლიგაში მოასპარეზე კლუბები ვალდებულნი არიან, თამაშებზე ჰყავდეთ ექიმი და ფიზიოთერაპევტი. ამ კლუბებისთვის სავალდებულო გახდა ფეხბურთელთა ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფაც, „მაგრამ დაზღვევის პაკეტები იაფფასიანია და ხშირად სადაზღვევო კომპანიასთან როცა გვამისამართებენ, საჭირო პროცედურები თუ მედიკამენტები არ გვიფინანსდება. ანუ, ეს პაკეტი ფეხბურთელის საჭიროებებსა და ტრავმების რეაბილიტაციაზე არაა მორგებული“ - ამბობს ლანა.

„ოპერაციის შემდეგ, 2019 მაისიდან მოყოლებული, ყოველ 6 თვეში რეაბილიტაციისთვის ნემსი მჭირდება, რომ თამაშის გაგრძელება შევძლო. სადაზღვევო ამას არ ფარავს. ტრავმატოლოგთან ჩემი მიზერული ხელფასი კი არ მყოფნის და მშობლებს ვთხოვ დახმარებას. ეს ძალიან უსამართლოა. კლუბი უნდა იყოს პასუხისმგებელი, რომ რეაბილიტაციაში დამეხმაროს. 16 წელია ვთამაშობ და აქამდე მათთვის დახმარება არ მითხოვია“ ამბობს ის.

„მე და ჩემი თანაგუნდელები აქამდე იმიტომ არ ვჩერდებით და არც გავჩერდებით, რომ გვინდა ფეხბურთელი ქალებისთვის მდგომარეობა მთელ ქვეყანაში გაუმჯობესდეს, რომ ქალებს აღარ მოუწიოთ თამაშისთვის თავის დანებება, რადგან საკუთარი ხარჯებით ვერ იმკურნალეს.“ - ამბობს ლანა.

WISG-ის იურისტის, ქეთი ბახტაძის თქმით, ზოგადად სპორტსმენებისთვის აუცილებელი ჯანდაცვის მომსახურებების დაფარვის გარდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალი ფეხბურთელებისთვის სქესით განპირობებული ჯანდაცვის მომსახურებების გაწევაც. WISG და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აგრძელებენ მუშაობას ყველა ქალის უფლებების დაცულობის გასაუმჯობესებლად.

img

უახლესი წარმატების ისტორიები

გაიგე მეტი
img
27 ივნ 2024

PHR-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო

PHR საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
24 მაი 2024

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი ბავშვების დაცვა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საქმეს USAID კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამების მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
20 თებ 2024

სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურში: იურიდიულ განათლებაში თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა

სტაჟირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დამწყები იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს აკადემიურ თეორიასა და რეალურ სამყაროს აღქმას შორის.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები