„არასდროს დავიღლები და ყოველთვის ვიბრძოლებ თუ, კიდევ დაირღვევა ჩემი შვილის უფლებები!“ - ამბობს 5 წლის დანიელის დედა, ნანა გულუა.
ნანას თავდადებისა და ორგანზიაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებათათვის (PHR) ძალისხმევის შედეგად, შეიქმნა სამართლებრივი პრეცედენტი, რომ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც არღვევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვის უფლებებს, მოუწევთ ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულ საქმეს, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), USAID/PROLoG-ის და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2019 წლის ივლისში დედამ, პატარა დანიელისთვის შშმ ბავშვის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, რაც დანიელს საშუალებას მისცემდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურებით ესარგებლა. დანიელი ამ დრო ორი წლისაც არ იყო, როცა სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისგან უარი მიიღო, რადგან: „...არსებული კანონმდებლობით, დაუნის სინდრომი არ წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების საფუძველს. ხოლო სხვა გონებრივი ჩამორჩენილობის დადგენა სამ წლამდე ასაკის ბავშვებში, მათი განვითარების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო.“
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი სააგენტო და სენაკის რაიონული სასამართლო, სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის უარს დაეთანხმნენ, თუმცა, ნანას არ შეუწყვეტია ბრძოლა შვილის უფლებების დასაცავად და ადვოკატის გარეშე საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წაიღო.
2020 წლის 9 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნა რომ: „უარი შშმ პირის სტატუსის განსაზღვრის მიზნით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ საფუძვლით, რომ ‘დაუნის სინდრომი’ არ არის იმ დაავადებათა ჩამონათვალში ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს და ზღუდავს ამ აქტებით გარანტირებულ უფლებებს.“
ამ გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აჩვენა, რომ შშმ პირთა სტატუსის მინიჭების არსებული - მოძველებული სამედიცინო - მოდელი არღვევს შშმ პირთა უფლებებს და გაეროს შშმ პირთა კონვენციის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია, ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება.
სწორედ ამ ეტაპზე ჩაერთნენ დანიელის უფლებების დაცვის საქმეში PHR-ის ადვოკატები და მიმართეს სასამართლოს იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც დანიელს შშმ ბავშვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გამო მიადგა. ბავშვის ზიანი გამოიხატა სოციალური პაკეტის (პენსიის) მიუღებლობაში.
დანიელის უფლებების დაცვაში სწორედ ამ ეტაპზე ჩაერთვნენ PHR-ის ადვოკატები, რომლებმაც მიმართეს სენაკის რაიონულ სასამართლოს - დანიელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მიერ შშმ ბავშვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გამო.
საბოლოოდ, 2022 წლის 29 დეკემბერს, სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დარეჯან კვარაცხელიამ დააკმაყოფილა პატარა დანიელის მოთხოვნა და ბავშვისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს, 3820 ლარის ანაზღაურება დააკისრა, ვინაიდან ცენტრმა ვერ უზრუნველყო თავდაპირველი მიმართვისას შეემოწმებინა დანიელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უარი განუცხადა მას მომსახურების გაწევაზე.