"Glovo-ში მეგობრის რჩევით დავიწყე მუშაობა, ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა მარტივი და მომგებიანი საკურიერო სამუშაო, თუმცა, მალევე აღმოვაჩინე, რომ სამუშაო რისკებითა და დაბრკოლებებით იყო სავსე." - ანდრო ჭელიძე გლოვოს ერთ-ერთი კურიერია, რომელიც სოციალური ქსელის გვერდების აქტიური მომხმარებელია და ხშირად წერს თანამშრომლების პლატფორმაზე არსებულ პრობლემებზე.
2022 წლის 17 მარტს, ანდრომ სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით დააანონსა კურიერების მხარდასაჭერი შეხვედრა, რათა განეხილათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა, კოვიდ ანაზღაურება და ამინდზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა. მეორე დღეს გლოვომ ანდროს აპლიკაცია დაბლოკა, რის გამოც ანდრო მიიჩნევს, რომ კომპანია მას სამოქალაქო აქტივიზმისთვის სჯიდა.
ანდრომ, განსხვავებით გლოვოს ბევრი სხვა თანამშრომლებისა, შედარებით მეტი იცის შრომითი უფლებების შესახებ, ამიტომ დახმარებისთვის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას მიმართა, რომლებიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მაშინვე ჩაერთნენ პროცესში.
საქართველოს პროფკავშირებმა სახალხო დამცველის აპარატს მიმართა, გარემოებების შესწავლის შემდეგ კი დადგინდა, რომ გლოვოს მხრიდან პროფესიული კავშირის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი. ანდროსა და გლოვოს შორის არსებული ურთიერთობა შრომით ურთიერთობად მიიჩნეოდა, რაც გულისხმობდა გარკვეულ სოციალურ შრომით გარანტიებს, რომლებიც დამსაქმებელმა დაარღვია ანდროსთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას.
საბოლოოდ, გლოვოს ანდროსთვის აპლიკაციაზე წვდომის დაუყოვნებლივი აღდგენა დაევალა, რამაც შექმნა პრეცედენტი პლატფორმაზე დასაქმებულთა შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად. ანდროს გარდა, ამ ეტაპზე პლატფორმაზე რეგისტრირებული თანამშრომლებიდან კიდევ ოთხი ბენეფიციარი გამოვლინდა.